ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2021 წლის 3 აპრილს, დიდ შაბათ დღეს, საღამოს, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის (აღდგომის წინა დღის) საღმრთო ლიტურგია. ამ დღეს, სპეციალური წესის დაცვით, ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი ინთება, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდება მორწმუნეებს, რის შემდეგაც საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები, სტუმრები და მორწმუნეები.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა ისაუბრა ჩვენი იესო ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობაზე- ბოროტზე კეთილის გამარჯვებაზე და მრევლს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა ახარა. მორწმუნეებმა სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა.
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მიულოცა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული, საქართველოსა და სომხეთს უსურვა მშვიდობა, წინსვლა და განვითარება.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მორწმუნეებმა დაანთეს სანთლები და მაცხოვრის კურთხევის მიღების შემდეგ დაბრუნდნენ სახლებში, თან წაიღეს მაცხოვრის აღდგომის წმინდა სინათლე. ამის შემდეგ შესრულდა წმინდა აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პირველი სახლის კურთხევის ცერემონია. იკურთხა პური, წყალი და მარილი.
იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღმრთო ლიტურგია აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში.