სომეხთა გენოციდისადმი მიძღვნილი შუამდგომლობის წესი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში
2021 წლის 24 აპრილს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ეპარქიის სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი შუამდგომლობის წესი შესრულდა.
საეკლესიო რიტუალს ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, დიპლომატები, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ინტელიგენცია და საქართველოს სომეხი ეროვნების საზოგადოების წარმომადგენლები.
დამსწრეებმა წმინდა მოწამეთა ხსოვნას პატივი სანთლების დანთებით და ლოცვით მიაგეს. ხოლო ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები შეუერთდნენ სამლოცველოდან წაკითხულ „საუფლო ლოცვას“.
წმინდა წესის მიმდინარეობისას, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეთათვის მიმართულ თავის სიტყვაში ისაუბრა მე-20 საუკუნის დასაწყისში სომეხი ხალხისადმი ჩადენილ დანაშაულზე, ხაზი გაუსვა 2020 წლის სექტებრის 44 დღიან ომს, რომლის დროსაც საშინელ უბედურებას ემსხვერპლა სომეხი ხალხის კიდევ ერთი ნაწილი- არცახის მოსახლეობა. აღნიშნული ქმედება მტრის ბარბაროსული პოლიტიკის გაგრძელება იყო, რომლის დროსაც მან მიწასთან გაასწორა სომხური კულტურული, ისტორიული და სასულიერო ძეგლები.
სომეხთა გენოციდის მილიონ ნახევარი წმინდა მოწამის ხსოვნისადმი პატივის მიგების შემდეგ, არქიმანდრიტმა თბილისელ სომხებს სიყვარულისა და ერთიანობისკენ მოუწოდა. ასევე მოუწოდა, რომ გაკვეთილად მიიღონ გენოციდი და ახლო წარსულში მომხდარი შემთხვევები, არ გაემიჯნონ საკუთარ ერს და ხალხს, არამედ ყველგან მტკიცედ და ამაყად ატარონ სომეხი ეროვნების წარმომადგენლის სახელი.
შუამდგომლობის წესის დასრულების შემდეგ, დამსწრეებმა ყვავილებით შეამკეს ეკლესიის ეზოში მდგარი სომეხთა გენოციდის წმინდა მოწამეთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი.
24 აპრილს, წმინდა მოწამეთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა და შუამდგომლობის წესი შესრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სხვადასხვა ეკლესიაში. საპროტესტო აქციები, მსვლელობები და მშვიდობიანი მანიფესტაციები გაიმართა თბილისში, საქართველოს სომეხი ეროვნების მოსახლეობით დასახლებულ სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში.