Материалы

თბილისში კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული აღინიშნა

სომხური ეკლესიის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხილვით დაარსებული კათოლიკე წმიდა ეჯმიაწინის დღესასწაული. 2021 წლის 6 ივნისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის დღესასწაული აღნიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

საქართველოში მცხოვრებ სომხებს, კერძოდ, თბილისელ სომეხ მრევლს, განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიასთან. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის და მისი სასწაულმოქმედი ძალისადმი პატივისცემამ ასახვა ჰპოვა იმაში, რომ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში თბილისის სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურმა თემმა საკუთარი შემოწირულობით ამავე სახელწოდების ეკლესია დაარსა, რომელიც ამაყად აერთიანებს სომეხი ეროვნების თბილისელ მრევლს.

დილიდან თბილისელი სომეხი მორწმუნეები მიიჩქაროდნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც  ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა აღავლინა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა მრევლს დღესასწაულთან დაკავშირებული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა. ამის შემდეგ ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე- მემატიანე აგათანგეღოსის მიხედვით აღწერილ სომხეთის დიდი პატრიარქის, გრიგორ განმანათლებლის ხილვაზე და კათოლიკე სურბ ეჯმიაწინის ტაძრის აშენების ისტორიაზე. მღვდელმა ისაუბრა სომეხი ხალხის რწმენისადმი ერთგულებაზე, იმ ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ატარებს სომხური ეკლესია მთავარი საკათედრო დედა ეჯმიაწინის წინამძღვრობით და ყოველთა სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II  ხელმძღვანელობით.

მწირველმა მღვდელმა აღნიშნა, რომ მორწმუნე სომეხი ხალხი დედა სამშობლოდან და დიასპორიდან წმინდა ეჯმიაწინში მოსალოცად და სულიერი სინათლის მისაღებად ჩადის. „მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მატერიალური ტაძარი დასტურია სომეხი ხალხის სულიერი რწმენისა. წმინდა ეჯმიაწინი შუამდგომლობს და მორწმუნე სომეხი ხალხი დედა სამშობლოსა და დიასპორაში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის წყალობით ინარჩუნებს, ამდიდრებს, თაობიდან თაობას გადასცემს ეკლესიის მცნებებს და საეკლესიო რიტუალებს, ხალხურ ტრადიციებს და კულტურულ    ფასეულობებს.   ეს კი ჩვენი   იდენტობის, წმინდა რწმენის, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ძვირფასი  ენის  დღეგრძელობის გარანტია, - აღნიშნა თავის ქადაგებაში მწირველმა მღვდელმა. მღვდელმა მორწმუნეებს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ირგვლივ გაერთიანების და ლოცვისკენ მოუწოდა ასევე  ყოვლისშემძლე ღმერთს  სომხეთში, მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, არცახსა და საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება შესთხოვა.

ღირსმა მღვდელმა კირაკოსმა ისაუბრა ასევე მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე და მრევლს სასწაულმოქმედი ტაძრის აღდგენით სამუშაოებში ჩართვის და მათ განხორციელებაში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ეკლესიის ეზოში ღირსეული მამულიშვილის, არმენ პეტროსიანის მიერ შესაწირი დარიგდა, ხოლო სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის მხარდაჭერით სადღესასწაულო გამასპინძლება გაიმართა.

გადმოცემის თანახმად, ხორ ვირაპის საბყრობილედან გამოსვლის შემდეგ წმინდა გრიგორ განმანათლებელს ღმრთის მხოლოდშობილი ძე გამოცხადებია წმინდა ნათელით გარშემორტყმული, ჩამოსულა ზეციდან და ოქროს რტოთი მიუთითებია ჯოჯოხეთის წარმართთა ტაძარზე, ადგილზე, სადაც სომხური წმინდა რწმენის ტაძარი უნდა აშენებულიყო. აქედანაც წარმოიშვა სახელწოდება „ეჯმიაწინ“- „ადგილი სადაც მხოლოდშობილი დაეშვა“. წმინდა გრიგორ განმანათლებელმა თავისი ხილვა სომეხთა მეფე ტრდატს უამბო. მეფის მფარველობით დაფუძნდა „სურბ ეჯმიაწინის“ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი კათოღიკე დედა ტაძარი. ქრისტეს ჩამობრძანების ადგილას კი ჩამობრძანების წმინდა ტრაპეზი აშენდა. ეჯმიაწინის მშენებლობაში ხალხთან ერთად მონაწილეობდნენ ასევე მეფე ტრდატი და დედოფალი აშხენი.

პატრიარქ მაღაქია ორმანიანის „სარიტუალო ლექსიკონის“ თანახმად ცნება „კათოღიკე“- მთავარ საკათედრო ეკლესიას ნიშნავს და ასე სპეციალურად იწოდა მთავარი საკათედრო დედა ეკლესია. მეორე განმარტების თანახმად, კათოღიკეს უწოდებენ ყველა გუმბათოვან ეკლესიას.   თეოლოგიაში კი ეს სახელწოდება საერთო ეკლესიის  სიმბოლოდ მიიჩნევა.    ეს სამივე მნიშვნელობა შეესაბამება მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინს, ვინაიდან ის საპატრიარქოა, გუმბათოვანი დ საერთოა ყველა მორწმუნისთვის.

197006840

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2021 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են