სომეხი ახალგაზრდების გაცნობითი ვიზიტი დედა სამშობლოში
2021 წლის 8-11 სექტემბერს, პან-სომხური გაცნობითი და თანამშრომლობითი პროგრამის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიწვევითა და მხარდაჭერით, და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით5 განხორციელდა ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მორიგი, რიგით მეოთხე ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნებით სომეხი ახალგაზრდებისათვის დედა სამშობლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ისტორიული ადგილებისა და ადგილობრივი ბუნების გაცნობას.
სომეხი ახალგაზრდების დედა სამშობლოში მომლოცველობას წინამძღოლობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ღირსი მღვდელი, ტათევ მარუქიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელ ევგენია მარკოსიანსა და დიაკვან გევორგ ავეტისიანთან ერთად. მომლოცველობაში ქალაქ თბილისში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბოლნისსა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეპარქიის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული 25 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ლოცვის შემდეგ ჯგუფი დედა სამშობლოსაკენ გაემართა.
ოთხდღიან დაუვიწყარი ვიზიტის ფარგლებში სომეხი ახალგაზრდების ჯგუფი იმყოფებოდა ტავუშის ეპარქიის გოშავანქის სამონასტრო კომპლექსში, ქალაქ დილიჯანში, გეღარქუნიქის ულამაზეს სევანავანქში, ასევე მატენადარანში, სადაც გაიმართა შეხვედრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოფილ წინამძღვართან, ამჟამად მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის კონცეპტუალურ საკითხთა ოფისის დირექტორ, მის ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან, რა დროსაც მომლოცველებმა მისი კურთხევაც მიიღეს. მომლოცველობის მონაწილეებმა ერაბლურში პატივი მიაგეს 44 დღიან ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ამის შემდეგ ეწვივნენ ადგილობრივ პანთეონს. მომლოცველობა სომხურ ქრისტიანულ აკვანში - ხორ ვირაპის მონასტერში გაგრძელდა. ახალგაზრდებმა იმგზავრეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზით- „ტათევის საბაგირო გზით“ და უფლისადმი ლოცვა აღავლინეს ტათევის სამონასტრო კომპლექსში, იყვნენ ასევე ქალაქ გორისში. უკანა გზაზე ჯგუფი ეწვია სიუნიქის ულამაზეს შაქის ჩანჩქერს და ქალაქ ჯერმუკს, დატკბა ბუნების ულამაზესი და უნიკალური ხედებით.
ერევანში სომეხი ახალგაზრდების ჯგუფს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა, სადაც შეხვედრა გაიმართა ახალგაზრდული პოლიტიკის, დამატებითი და უწყვეტი განათლების განყოფილების უფროსთან, გოჰარ მამიკონიანთან. ახალგაზრდებმა და ჯგუფის ხელმძღვანელებმა თავიანთი კმაყოფილება გამოხატეს მიზანმიმართული და მნიშვნელოვანი პროგრამის შემუშავებისათვის, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი პროგრამები იქნება განგრძობადი ხასიათის, რადგან მიზანმიმართულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებსა და დედა სამშობლოს შორის უფრო თბილი და აქტიური კავშირების ჩამოყალიბებისაკენ.
იყო ასევე თანამშრომლობის გაგრძელებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შემოთავაზებებიც, რისთვისაც ორივე მხარემ გამოთქვა მზაობა.
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია და ეპარქიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება, მადლობას უხდის სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსკურსიი ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც „გაცნობითი და თანამშრომლობითი ვიზიტი სომხეთში“ პროგრამის მსგავს მაღალ დონეზე ორგანიზების და სომეხი ახალგაზრდებისათვის სომხეთის ისტორიულ-კულტურული ძეგლების გაცნობის შესაძლებლობის შექმნისათვის.
სომეხი ახალგაზრდები პატრიოტიზმის პათოსით შთაგონებულები დაბრუნდნენ თბილისში, რომელსაც ახალი მეგობრების კეთილი სურვილები და მორიგი შეხვედრის მოლოდინი ახლდა თან.