Материалы

მთარგმნელთა დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის 2021 წლის საეკლესიო კალენდრით, 9 ოქტომბერი წმინდა მთარგმნელი ვარდაპეტების და მათი მოსწავლეების ხსენების დღეა. აღნიშნული საეკლესიო- სახალხო დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.

სადღესასწაულო განწყობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ნშან ჰმაიაკიანმა. მწირველმა წმინდა მამამ სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე, რომლის დროსაც ხაზი გაუსვა წმ. მთარგმნელი ვარდაპეტების- წმინდა მესროპ მაშტოცის, საჰაკ პართევის, ეღიშეს და მათი მოსწავლეების როლს დამწერლობის შექმნის, ეროვნულობის შენარჩუნების და რწმენის გაღრმავების საქმეში, ისაუბრა ასევე სომხური დამწერლობის შექმნის ისტორიულ პერიოდზე. არქიმანდრიტმა ნშან ჰმაიაკიანმა ეკლესიას, ენასა და კულტურას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნების მთავარი გარანტი უწოდა და დამსწრე მრევლს მთარგმნელი ვარდაპეტების მიერ შექმნილი სომხური დამწერლობის თაობებისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.

244792897

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, ღირსეული სომეხი მამულიშვილების სულების სიმშვიდისთვის პანაშვიდი შესრულდა.

ამის შემდეგ არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა „ჰაიარტუნ“ კულტურულ- საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს ათი წლის იუბილე მიულოცა, მადლიერების სიტყვით მიმართა ეპარქიის ყოფილ წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს და ქველმოქმედ სააკოვების ოჯახს, ვისი ინიციატივითა და თანმიმდევრული ძალისხმევის შედეგადაც დაარსდა ცენტრი, რომელიც უკვე ერთი ათწლეულია ღირსეულად უძღვება მშობლიური ენის სწავლების და ეროვნული კულტურის გავრცელების მეტად მნიშვნელოვან საქმეს.

ბოლოს წმინდა საკურთხევლის წინ სომხური დამწერლობის შემქმნელებს ლამაზი სიტყვითა და ლექსებით პატივი მიაგეს ეპარქიის განათლების განყოფილების (ხელმძღვანელი-ევგენია მარკოსიანი) „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და „სურბ ეღია მარგარე“ (მასწავლებელი- როზა ზორაბიანი) საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა. 

მთარგმნელთა დღე მომლოცველობით აღნიშნეს თბილისში ჩამოსულმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და ადგილობრივი „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მომლოცველებმა. სულიერი მწყემსის, ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის წინამძღოლობით, სტუმრები ეწვივნენ „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრს, ილოცეს და სანთლები დაანთეს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში და თბილისის ხოჯივანქის პანთეონში დაკრძალული ღირსეული სომეხი მამულიშვილების ხსოვნას მიაგეს პატივი.

დღის სადღესასწაულო ღონისძიება „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო  ცენტრში გაგრძელდა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები ანა საჰაკიანი და ავეტიქ ჰარუთიუნიანი, „ვრასტან“ გაზეთის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, შემოქმედები, მთარგმნელები, საქართველოში მცხოვრები სომეხი ინტელიგენციის წარმომადგენლები.

244991501

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, დალოცა დამსწრეები და მოკლედ ისაუბრა დღის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვა დღესასწაულის მნიშვნელობას სომეხი კაცის ცხოვრებაში-სომხური დამწერლობის შექმნას მან ჭეშმარიტად გარდამტეხი უწოდა და მიესალმა დღესასწაულის ეროვნული-საეკლესიო საფუძვლის ქონას.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ თუმანიანის თბილისის ისტორიულ სახლში კვლავაც შეკრებილმა შემოქმედებითი საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს სომხური დამწერლობისა და ლიტერატურის ფუძემდებელი მთარგმნელი ვარდაპეტების ხსოვნას, წარმოაჩინეს როგორც საუკუნეების მანძილზე შექმნილი და კვლავაც მოწინავე, ასევე თანამედროვე თარგმანები პოეზიიდან, პროზიდან, დრამატურგიიდან და სხვა. დამსწრეებმა გაიხსენეს ასევე მოგონებები თავიანთ თარგმანებთან დაკავშირებით.

„ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ კულტურულ-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელ გისანე ჰოვსეფიანის და ექსკურსიამძღოლ გოჰარ მაზმანიანის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოში მცხოვრები სომეხი ინტელიგენციის და შემოქმედების მიერ პროზისა და პოეზიის სომხურ, რუსულ და ქართულ ენებზე შესრულებული თარგმანები. მოხდა ერევნიდან ჩართვა,  რომლის დროსაც ლიტერატურული ურთიერთობებით ერთმანეთთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ენის მთარგმნელებმა ურთიერთმონაცვლეობით წარმოადგინეს საკუთარი თარგმანები ერთმანეთის შემოქმედებიდან.

ღონისძიებას მხატვრულად აფორმებდნენ სოლო შემსრულებლები სიმღერებით და მუსიკალური აკომპანიმენტით.

მთარგმნელთა დღე საზეიმოდ, სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. საღმრთო ლიტურგია აღევლინა ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და ბათუმის სომხურ ტაძრებში. მთარგმნელთა ეროვნული-საეკლესიო დღესასწაული ყველგან განსხვავებული ღონისძიებით აღინიშნა.

244533660

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են