Материалы

მამების და დედებისადმი მიძღვნილი „ხაჩქარის“ გახსნა თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში

2021 წლის 26 დეკემბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, მწირველი ღირსი მღვდლის ვირაპ ღაზარიანის მიერ აღევლინა წლის უკანასკნელი საკვირაო წმინდა წირვა.

26 დეკემბერი ღირსშესანიშნავი თარიღი გახდა საქართველოს სომეხთა ეპარქიისათვის. წმინდა წირვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მე-13 საუკუნეში აშენებული „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში გაიმართა მამათა და დედათა ხსოვნისადმი მიძღვნილი „ხაჩქარის“ (ქვაჯვარის) კურთხევის საზეიმო ცერემონია. ორივე მხრიდან ორნამენტებით გაფორმებულმა პირველმა „ხაჩქარმა“, რომელიც დაიდგა უძველესი ეკლესიის ეზოში, გამორჩეული იდუმალება შესძინა გარემოს.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ლაბუჩიძე, დედაქალაქის ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი.

„ხაჩქარის“ დადგმის სულის ჩამდგმელი და განმახორციელებელი თბილისში მცხოვრები ხაჩატურიანის ოჯახია. „ხაჩქარი“ შვილების მიერ საკუთარი მშობლების - მამებისა და დედების მიმართ პატივისცემის იდეის მატარებელია. „ხაჩქარის“ კურთხევას დაესწრო ქველმოქმედი არმენ ხაჩატურიანი ოჯახსა და ახლობლებთან ერთად.

სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით პანაშვიდის წესის შესრულების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელით შესრულდა „ხაჩქარის“ წმინდა მირონით კურთხევის რიტუალი.

ახლად ნაკურთხი „ხაჩქარის“ გახსნა დამსწრეებს მიულოცა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა, რომელმაც ისაუბრა „ხაჩქარის“ დატვირთვაზე და მადლიერება გამოხატა ქველმოქმედის მიმართ - ეკლესიის წინაშე შესრულებული კეთილი საქმის გამო. ეპარქიის წინამძღვრის მიერ ქველმოქმედ არმენ ხაჩატურიანს გადაეცა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევის და მადლიერების წერილი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თავის მისალოც სიტყვაში ხაზი გაუსვა ორი ქრისტიანული ეკლესიის ერთობას ჩვენი იესო ქრისტეთი  და „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარს იესო ქრისტეს ხატი უსახსოვრა - დასტურად ქრისტეს ნათელით სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისა.

„ხაჩქარის“ კვარცხლბეკი შეიმკო ყვავილებით. ქველმოქმედ ხაჩატურიანის ოჯახის მიერ გაიმართა შესაწირითა და ტორტით გამასპინძლება.

270124538

270179646

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են