ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაულზე ტრადიციული ჰარისათი გამასპინძლება
2022 წლის 27 თებერვალს, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიამ ძირითადი ბარკენდანის დღესასწაული იზეიმა. დიდი მარხვის წინა დღე თბილისის სომხურ თემში აღინიშნა წმინდა წირვით და ტრადიციული ჰარისათი გამასპინძლებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.
წმინდა წირვის შემდეგ არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ისაუბრა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე დიდი მარხვის 48-დღიან პერიოდზე, ხაზი გაუსვა ძირითადი ბარეკენდანის დღეს ერთმანეთის პატიების, ერთმანეთისათვის შერიგების ხელის გაწვდისა და ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრების აუცილებლობას. ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა და ისინი ტრადიციული ჰარისას დასაგემოვნებლად მიიწვია.
ჰარისათი გამასპინძლება, რომელსაც დაახლოებით ათწლიანი ისტორია აქვს, საქართველოს სომხურ თემში ყოველწლიურად ძირითადი ბარეკენდანის დღეს იმართება. ტრადიცია, რომელიც წლიდან წლამდე ფართოვდება, ეპარქიის სხვადასხვა თემში განსხვავებულ დღეებშიც აღინიშნება. თბილისში იგი უცვლელად დიდი მარხვის წინ იმართება. ჰარისათი გამასპინძლება ეწყობა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს მხარდაჭერით.
არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დიდად დააფასა ქალთა და სათემო ორგანიზაციების ღონისძიებაში ჩართულობა, აკურთხა ჰარისას ქვაბები და დამსწრეები გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად მიიწვია. ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულმა რეგულაციებმა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა შეცვალა ტრადიციული დღის აღნიშვნის საზეიმო ფორმატი. დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნა, რომელიც მოიცავდა მხოლოდ ჰარისათი გამასპინძლებას და მოკლებული იყო ყველანაირ მუსიკალურ გაფორმებას, ამიტომაც ღონისძიებაზე ფესტივალისათვის ჩვეული სადღესასწაულო განწყობაც არ იგრძნობოდა.
ეკლესიის ეზოში განთავსებულ მაგიდებზე ოცდაათამდე ცხიმიანი და გემრიელი ჰარისას ქვაბები ეწყო. ღონისძიებაში საკუთარი მომზადებული ჰარისათი ჩაერთნენ „სურბ გევორგ“ და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიების ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირები, „ჰაიარტუნ“, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრები, „შუშანიკ“ კავშირის წევრები და მოხალისეები. ბევრმა მორწმუნემ, სტუმარმა და ტურისტმა მიირთვა აღნიშნული კერძი, ისევე როგორც ნაკურთხი ჰარისა გაუნაწილდა ავადმყოფებსა და ხანდაზმულებს.
ძირითადი ბარეკენდანის დღის ტრადიციული ღონისძიება ქ. რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო ცენტრში (სულიერი ინსპექტორი - მღვდელი ნარეკ კუშჩიანი) გამასპინძლება-კონკურსის ფორმატში ჩატარდა: სამ მონაწილეს - აიდა ფოლადიანს, კარინე აირაპეტიანს და ანი მინასიანს - შორის, საუკეთესოდ იქნა მიჩნეული აიდა ფოლადიანის მიერ მომზადებული ჰარისა. მღვდელმა ნარეკმა აკურთხა ჰარისა რის შემდეგაც დამსწრეები ცხიმიანი და გემრიელი კერძის დასაგემოვნებლად მიიწვია.
საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს, ეპარქიის „ჰაიარტუნ“, „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო, სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტებს, ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის წევრებსა და მოხალისე ქალბატონებს ღონისძიებაში მონაწილეობის და ჰარისათი გამასპინძლებაში შეტანილი საკუთარი წვლილისათვის.
საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირი ჰარისას ფესტივალის ჩატარებაში მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანს, მაღაზიათა ქსელ „არმენია“-ს - ედუარდ მურადიანის სახით, ღირს მღვდელ ვირაპ ღაზარიანს, სურბ გევორგ ეკლესიის ჯვრის ნათლიას, ღირსეულ მამულიშვილს - არტაკ ავეტისიანს, სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლიას, ღირსეულ მამულიშვილს - სამველ პოღოსიანს და სხვა ქველმოქმედებს.
ჰარისა სომხური ეროვნული კერძია, რომლის მომზადებაც ხანგრძლივი, თუმცა მეტად საინტერესო პროცესია. ხორბალს ხარშავენ ქათმის ან ცხვრის ბულიონში, ურევენ ხის კოვზით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მირთმევამდე უმატებენ ერბოს ან კარაქს.
ლეგენდის თანახმად, ჰარისას მომზადების წეს-ჩვეულება გრიგოლ განმანათლებლის სახელს უკავშირდება. უპოვართა დასაპურებლად ის სოფლის მცხოვრებლებს დიდი რაოდენობით ხორცს და მარცვლეულს სთხოვდა, ხოლო თავის მოსწავლეებს ეუბნებოდა, რომ მოერიათ ქვაბში არსებული ხორცისათვის, ეუბნებოდა: „ჰარექ სა“ (მოურიეთ), სწორედ აქედან მოდის კერძის სახელწოდება - „ჰარისა“.