თბილისში ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულზე მშვიდობისმყოფელებისადმი მიძღვნილი ხაჩქარის კურთხევა გაიმართა
სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით, 2022 წლის 24 ივლისს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნება. სომხური ეკლესიის 5 ძირითადი დღესასწაულიდან რიგით მესამე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით იზეიმეს. დილიდანვე სადღესასწაულო სამზადისი იყო ეკლესიებში. თბილისსა და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მორწმუნე ხალხი დიდი ენთუზიაზმით მოდიოდა ეკლესიაში ქრისტეს ფერისცვალების ან, როგორც ხალხი ამბობს - ვარდავარის დღესასწაულში მონაწილეობის მისაღებად.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა წმინდა მამამ სათანადოდ იქადაგა დღის ღვთიურ მნიშვნელობაზე. ფერისცვალების დღესასწაულით დამტკიცდა ის ჭეშმარიტება, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა. დღესასწაული ღვთის სიყვარულს, მისი მცნებების მოსმენას და ღვთის ნების აღსრულებას, ისევე როგორც იესოსთან ერთად ფერისცვალებას და გარდასახულ იესოსთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას გვასწავლის, რაც კაცობრიობას სიკეთეს, სიყვარულს, მშვიდობას და სულიერ გაბრწყინებას მოუტანს. წმინდა მამამ მორწმუნეებს ცხოვრების სულიერი ფასეულობებით გამდიდრების, სიკეთის ქმნის, მოწყალებისა და მიმტევებლობისკენ მოუწოდა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვრის და სასულიერო დასის მიერ მფარველი ლოცვის წაკითხვის და მრევლის დალოცვის შემდეგ, სადღესასწაულო განწყობა ეკლესიის ეზოში გაგრძელდა. სადღესასწაულო დღე ისტორიულად იქცა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის მთავარ საკათედრო ტაძარში, მე-13 საუკუნეში აშენებულ სურბ გევორგ ეკლესიაში, დაიდგა რიგით მეორე ხაჩქარი, რომელიც უძველესი ცივილიზაციის მატარებელი ქვეყნების ხალხების რწმენისადმი ერთგულების, პატრიოტიზმის, მეგობრობის მარადიულობის მდუმარე მოწმეა.
ტუფის ქვაზე ნაკვეთი ხაჩქარის დადგმის ინიციატივა სომხეთის რესპუბლიკაში მცხოვრები კარენ ხაჩატრიანის ოჯახს ეკუთვნის და სწორედ აღნიშნული ოჯახის ქველმოქმედებითაც დაიდგა იგი. ხაჩქარის იდეა მშვიდობის სურვილში მდგომარეობს, რაც თითოეული ერის სანუკვარი ოცნებაა. ქრისტეს ნეტართა აღნიშნული სურვილი ხაჩქარის კვარცხლბეკზეა ამოტვიფრული: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, რამეთუ მათ ღვთის ძეებად იწოდებიან“. მართლაც, იმ ხალხების ლოცვა, რომელთაც უნახავთ და გამოუვლიათ ომის სისასტიკე, შეეხება იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანი ცის ქვეშ და ჰქონდეთ უსაფრთხო ცხოვრება.
სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიერ შესრულდა ხაჩქარის წმინდა მირონით კურთხევის წმინდა წესი. წმინდა მამამ მიულოცა ცერემონიაზე დამსწრე ხაჩატრიანების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და გამოხატა დაფასება ეკლესიის წინაშე შესრულებული კეთილშობილური საქმისთვის.
ამის შემდეგ ეკლესიის ეზოში გაიმართა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის საკონცერტო პროგრამა. ცენტრის ხელმძღვანლის, ევგენია მარკოსიანის წარდგენით შემოქმედებითი ჯგუფების, „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსამბლის, სოლისტებისა და აკომპანიატორთა მიერ ერთმანეთის მიყოლებით შესრულდა მხიარული სიმღერები და ცეკვები (ეპარქიის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი - სურენ აბრამიანი).
წარმართული დროიდან შემორჩენილმა და ქრისტიანული ელემენტებით დატვირთულმა წუწაობის ჩვეულებამ, ან ვარდავარმა თავისი გამოხატულება პოვა წუწაობის დაწყებით. ვარდის წყლით განწმენდის მხიარული და სახალისო სანახაობის მონაწილენი გახდნენ მოხუცები და ახალგაზრდები, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ტურისტები, რომლებიც გაოცებულნი, დიდი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ, თუმცა ამავე დროს სიხარულით უერთდებოდნენ მათ, ვინც წუწაობდნენ და მხიარულობდნენ.
იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ზეიმი გაიმართა ბათუმის „სურბ ფრკიჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ და მიმდებარე სოფლების ეკლესიებში. წალკის რაიონის სომხებით დასახლებულ სოფლებს საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის საკუთარი ჩვეულება აქვთ. ტრადიციულად ვარდავარის დღესასწაული სოფელ აიაზმაში აღინიშნება, სადაც რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან მორწმუნეები იკრიბებიან და დღესასწაულს ალამაზებენ საკონცერტო პროგრამით და წუწაობით.