Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული აღინიშნა

2022 წლის 14 აგვისტოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  მიძინების დღესასწაული   აღნიშნა. იგი  სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან მეოთხე და ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს შორის უძველესია. ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიებით და  ყურძნის კურთხევის რიტუალით აღინიშნა.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიები ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხისა და მიმდებარე სოფლების ეკლესიებში ჯერ კიდევ შაბათ დღეს დაიწყო. თემებში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღავლინეს წმინდა მამებმა. მათ დილით ადრე დაიწყეს ღვთისმსახურება და ადგილზევე შეასრულეს ყურძნისა და მთელი წლის ჭირნახულის კურთხევის ტრადიციული რიტუალი.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე თბილისელმა სომეხმა მორწმუნეებმა ღვთისმშობლის ხსოვნისადმი სიყვარული ეკლესიებში მისვლით და საღმრთო ლიტურგიებში მონაწილეობით გამოხატეს.

299660801 5426926697424098 7902958698382011113 N

დილიდანვე ხალხმრავლობა იყო ეპარქიის ეკლესიებში. ეკლესიების საკურთხევლები დამშვენებული იყო დღის სიმბოლოთი - ყურძნის სხვადასხვა სახეობით და ხილით. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი ეკლესიაში: მორწმუნეები მოდიოდნენ ლამაზად მორთული კალათებით, ლანგრებით, წლის ნობათისა და ჭირნახულის საკურთხად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კურთხევის მისაღებად.

დილის ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიებში შესრულდა ანდასტანის ცერემონია - იკურთხა სამყაროს ოთხი მხარე და ხალხები. შემდეგ ყველგან საღმრთო ლიტურგია აღევლინა.

თბილისში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში. სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში მწირველი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი.

სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდა თბილისის სომეხი საზოგადოება, ინტელიგენცია, სტრუქტურათა ხელმძღვანელობა, უამრავი მორწმუნე და ტურისტი როგორც სომხეთის რესპუბლიკიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნიდან.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, ეკლესიის საკურთხეველზე შესრულდა „ყურძნის კურთხევის“ საზეიმო ცერემონია,  წაკითხულ იქნა დღის საიდუმლოს შემცველი სახარებისეული ნაწილი, ამის შემდეგ აღევლინა წმ. ნერსეს შნორალის „ყურძნის კურთხევის“ ლოცვა.

299428308 5426926724090762 1928365696441208540 N

მწირველმა წმინდა მამამ სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უდიდეს  მისიაზე, მის მიძინებასა და აღდგომაზე, ამაღლებაზე, ხაზი გაუსვა სომეხთა ეკლესიის სიყვარულს და ღრმა პატივისცემას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი და მორწმუნეებს ღვთისმშობლის მაგალითით- ამაღლების სინათლით და წმინდა აღდგომის რწმენით ცხოვრებისკენ მოუწოდა. მწირველმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დღესასწაული მიულოცა დამსწრეებს- განსაკუთრებით დედებსა და მარიამებს, განმარტა ყურძნის კურთხევის რიტუალური დატვირთვა, აღწერა ყურძენი- როგორც ადამიანი, ხოლო ყურძნის მიწასთან ფესვებით კავშირი მორწმუნეთა რწმენასა და ეკლესიასთან კავშირს შეადარა.

საღმრთო ლიტურგიები აღევლინა და ყურძნის კურთხევის რიტუალი შესრულდა ასევე ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, განძის სურბ კარაპეტ, ბათუმის სურბ ფრკიჩ, ქვემო ქართლის რეგიონის შაუმიანის სურბ ასტვაწაწინ ეკლესიებსა და რუსთავის სურბ გრიგორ ნარეკაცი სასულიერო ცენტრში, ასევე სომხებით დასახლებული სხვადასხვა სოფლის და ქალაქის ეკლესიებსა და სამლოცველოებში.

ამის შემდეგ ადგილზე ეკლესიების ჯვრის ნათლიების და ქველმოქმედი მამულიშვილების მიერ ყურძნითა და შესაწირით გამასპინძლება გაიმართა.

ორშაბათს, 15 აგვისტოს, მიცვალებულთა მოხსენების დღეა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი წირვა აღევლინება. წირვის დასასრულს მიცვალებულთა სულების სიმშვიდისათვის პანაშვიდი აღესრულება.

Rfy

 

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են