Материалы

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2023 წლის 5 იანვრის საღამოს, წლის პირველ საუფლო დღესასწაულთან - შობასა და ნათლისღებასთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა. აღნიშნული ღვთისმსახურება შობის დღესასწაულამდე ეკლესიაში აღვლენილი ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია იყო.

დღესასწაულის წინა დღეს ხალხმრავლობა იყო თბილისის, ბათუმის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის რეგიონის სომხურ ეკლესიებში. რიტუალური ტრადიციის თანახმად, მრევლი შეკრებილი იყო, რათა პირველს შეეტყო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობის სასიხარულო ამბავი. საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, ეკლესიებში საღამოს ღვთისმსახურება აღევლინა და წმინდა წიგნიდან წაკითხულ იქნა დღის შესაბამისი სხვადასხვა ნაწყვეტი. 

მორწმუნეებით იყო სავსე თბილისში მოქმედი სომხური - სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძარი და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ქვემო ქართლის რეგიონის სოფლების შაუმიანის, წითელსოფლისა და ახკერპის სულიერმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში დღის მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი.

323445

არქიმანდრიტმა ზავენ იაზიჩიანმა თავის ქადაგებაში ისაუბრა მაცხოვრის შობის საიდუმლოზე, როგორც კაცობრიობის ცოდვებისგან ხსნისათვის ბოძებულ საჩუქარზე, ტკივილების მოსაშუშებლად, იმედად და სასოებად ქცევისა და მისი ზეციური სამეფოსკენ გაძღოლის ღვთიურ გზაზე. წმინდა მამამ ასევე ისაუბრა უფლის მიერ განკაცებული ძის მეშვეობით ადამიანში გაჩენილ იმედსა და ნდობაზე, რაც მორწმუნეს მტკიცედ უნარჩუნებს რწმენას.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა  მაცოცხლებელი სანთელი აანთო, რომელიც ასევე ბეთლემის ვარსკვლავის სინათლის სიმბოლოა, და რომელიც მოგვებს ყრმა იესოსკენ გაუძღვა, ვინც იყო ძე ღვთისა და კაცობრიობას ჭეშმარიტი სინათლისკენ გაუძღვა. სინათლე, რომელიც იესო ქრისტეს სიმბოლოა, ეკლესიაში მყოფ მორწმუნეებს გაუნაწილდა. მათ ეკლესიაში ანთებული კანდელებით თან წაიღეს შობის ხარება და ღვთიური ნათელი.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, სასულიერო პირთა ნაკადი ეპარქიის წინამძღვრის რეზიდენციისკენ დაიძრა, სადაც სახლის კურთხევის რიტუალი შესრულდა.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის - შობისა და აღდგომის წინა დღეები იწოდება „ჭრაგალუიც“. სახელწოდება „ჭრაგალუიც“ წარმოიშვა გამონათქვამიდან „ჭრაგ ლუცანელ“, რაც ჭრაქის ანთებას, სანთლის დანთებას ნიშნავს. ამ დღეს საღამოს, ადამიანებს ეკლესიაში ანთებული ჭრაგები სახლებში მიაქვთ. სომხური ეკლესიის თანახმად სრულდება წინასაშობაო ერთკვირიანი მარხვის პერიოდი. შობის დღესასწაული 5 იანვარს იწყება და გრძელდება შუაღამის შემდეგ.

 

3244676

3242556

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են