Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში შობის სასიხარულო ამბავი გავრცელდა

2023 წლის 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ მაცხოვრის შობისა და ნათლისღების დღესასწაული იზეიმა.   წლის პირველი საუფლო დღესასწაული  საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინსა და მსოფლიოში გაფანტულ სომეხთა წმინდა ტაძრებში, მათ შორის საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.

მორწმუნეები დილიდან,    ოჯახებით,   ამაღლებული სადღესასწაულო განწყობით  მიიჩქაროდნენ სომხურ ეკლესიაში, რათა დასწრებოდნენ საშობაო საღმრთო ლიტურგიას.

სადღესასწაულო განწყობა იყო მორწმუნეებით სავსე თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და სურბ ეჯმიწინ ეკლესიაში. სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.

საქართველოში მცხოვრები სომეხი მორწმუნეებისათვის წმინდა დღესასწაულის მისალოცად ტაძარში იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი მეუღლესთან ერთად, საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საელჩოს დიპლომატები, საზოგადო მოღვაწეები, სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მორწმუნეები.

20230106

წმინდა წირვის მიმდინარეობისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით. ეკლესიაში გავრცელდა ჩვილი იესოს შობის და ნათლისღების ხარება.

წმინდა წირვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ახალი წელი და შობა მიულოცა და მადლიერების სიტყვით მიმართა თანამდებობის პირებს. წმინდა მამამ ხაზი გაუსვა ერთი და იმავე რელიგიის და კულტურის მატარებელი თანამორწმუნე სომეხი და ქართველი ხალხების ათასწლოვან ძმურ ურთიერთობას, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობას. მწირველმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წელი და დამდეგი შობა მიულოცა.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა წყალკურთხევის ცერემონია და სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ჯვრის ნათლია გახდა ღირსეული სომეხი მამულიშვილი არმენ ხაჩატურიანი, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლია - არმენ პეტროსიანი.

საქართველოში მცხოვრებ სომეხ მორწმუნეებს შობის და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.

შობის ბრწყინვალე დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის, ასპინძის, წალკის, თეთრიწყაროს, ბორჯომის, მარნეულის რაიონის სომხურ ეკლესიებში. ლიტურგიაზე დამსწრეები სადღესასწაულო განწყობით და ნაკურთხი წყლით დაბრუნდნენ სახლებში.

32409451

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են