საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიას დაესწრო
2023 წლის 22 იანვარს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ თბილისის შერიგების ეკლესიაში, როლფ ბარაისის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონია გაიმართა, რომელშიც ეკლესიის სასულიერო პირები და მორწმუნეები მონაწილეობდნენ.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი და ქვემო ქართლის რეგიონის სომხური სოფლების სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი ზავენ იაზიჩიანი.
საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წინამძღვრის ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, ლათინური წესის კათოლიკეთა ადმინისტრაციის ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, გიორგი ზვიადაძე და სხვა საპატიო პირები.
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ახლად არჩეულ ეპისკოპოსს საქართველოს მთავრობის სახელით ეპისკოპოსად კურთხევა მიულოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა ნინო ჭავჭავაძემ.
2022 წლის 19 დეკემბერს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის VI სინოდის მე-7 სხდომაზე საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის პასტორად დანიშნულმა ეპისკოპოსმა როლფ ბარაისმა ჩაანაცვლა ეპისკოპოსი მარკუს შოხი.