Материалы

თბილისის სომხურ ტაძრებში ბზობის დღესასწაული აღინიშნა

2023 წლის 2 აპრილს, ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ ბზობის დღესასწაული იზეიმა, რომელიც განასახიერებს იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში.

დილიდანვე ხალხმრავალი იყო თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოები და მათი შემოგარენი. მორწმუნენი ამაღლებული განწყობით იკრიბებოდნენ რათა გაეზიარებინათ იესო ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლის სიხარული. მთავარ საკათედრო ტაძარში წმინდა წირვას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და საელჩოს დიპლომატები.

მორწმუნეებით სავსე სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში დილის ღვთისმსახურების შემდეგ საღმრთო ლიტურგია აღევლინა. სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, სადღესასწაულოდ გახსნილი ფარდის ფონზე - საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, წმინდა წირვა აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა, ხოლო სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი.

339405428

ორივე ეკლესიაში წმინდა წირვის მიმდინარეობისას სათანადოდ იქადაგეს ბზობის დღესასწაულის მნიშვნელობასა და დღესასწაულის სულიერ სწავლებაზე.

წლების წინ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ II-მ ბზობის დღესასწაული ბავშვების კურთხევის დღედ გამოაცხადა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა დალოცა დამსწრეები და იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეების რამდენიმე ეპიზოდზე ისაუბრა.

ამის შემდეგ წმინდა მამის საპატიო წინამძღოლობით ჩატარდა ბავშვების და ზეთისხილისა და ტირიფის ტოტების კურთხევის წესი. ნაკურთხი ტოტები მორწმუნეებმა თან წაიღეს.

დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის სომხურ ეკლესიებში წმინდა წირვითა და ბავშვების კურთხევის წესით აღინიშნა.

დღის განმავლობაში არ წყდებოდა მორწმუნეთა ნაკადი სომხურ ტაძრებში. სულიერი მოძღვრების მიერ იკურთხებოდა ტირიფის ტოტები და ურიგდებოდა ხალხს, რადგანაც ტოტების მირთმევა გამოხატავს განსაკუთრებულ პატივს და ქმნის საზეიმო განწყობას.

338870560

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են