Материалы

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში

2023 წლის 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ეპარქიის საბავშვო ბაღებში მოეწყო სახალისო ღონისძიებები, რათა ეს დღე ბავშვებისათვის ყოფილიყო ჭეშმარიტად სადღესასწაულო, მათთვის ამაღლებული განწყობის შემქმნელი და საინტერესო სიურპრიზების მომტანი.

თბილისში დღესასწაული ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში დაიწყო, სადაც ისმოდა ბავშვების სიცილ-კისკისი და ჟრიამული. მხიარულმა მუსიკამ და სიმღერებმა ხალისიანი განწყობა შეუქმნა ყველას. პატარებთან ერთად თითქოს ბავშვობაში დაბრუნდნენ უფროსებიც - აღმზრდელები და მშობლები. ამაღლებული სადღესასწაულო განწყობა შეექმნა თითქმის ყველა ბავშვს. ბევრი მათგანი ასფალტზე ცარცით ხატვის სახალისო აქტივობაში ჩაერთო, ბევრმა მათგანმა კი სახის და ხელების მოხატვით ისიამოვნა. ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ  ერთმანეთის ახალი გარეგნობით.

350937241 159469406963922 8532831606706275434 N

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა თავის მილოცვაში ყველა ბავშვს ბედნიერი ბავშვობა, მშვიდობიანი ცა, მშობელთა მზრუნველობა და პედაგოგთა ბრძნული აღზრდა უსურვა. მან მადლიერება გამოხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიმართ სადღესასწაულო ღონისძიებების განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის.

ბავშვების გასამხიარულებლად ღონისძიებას ჰენრიხ პეტროსიანი და არამ ჰარუთუნიანი უძღვებოდნენ. ისინი ბავშვებისათვის ცნობილი და მეტად საყვარელი ზოროს და ადამიანი ობობას - სპაიდერმენის, კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილები. მათ მრავალფეროვანი თამაშებით, შეჯიბრებებით და გამოცანებით ბავშვებს აჩუქეს გულწრფელი სიცილი და ამაღლებული განწყობა შეუქმნეს. თამაშ-შეჯიბრში ჩაერთო ყველა - წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, რითაც საკუთარი ცოდნა და ნასწავლი წარმოაჩინეს.

ბავშვთა დღესასწაული დატვირთული იყო სიურპრიზებით - ეპარქიის წინამძღვრის მხარდაჭერით მოხდა ბავშვების ტკბილეულით და წვენებით გამასპინძლება. ამის შემდეგ ბავშვებს ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამარელების ქისა“-ს საჩუქრები -  საინტერესო სიურპრიზებით სავსე ყუთები გადაეცათ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს „ქალთა საბჭომ“ და საბავშვო ბაღის სრული შემადგენლობა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებული წარმოდგენის - „ცისკარი“ - სანახავად მიიწვია.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის პედაგოგიკური კოლექტივი და აღსაზრდელთა მშობლები მადლიერებას გამოხატავს საზოგადოებრივი ორგანიზაცია საქართველოს „ქალთა საბჭოს“ (პრეზიდენტი - აკადემიკოსი მზექალა შანიძე, აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან გაბრუაშვილი), თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის და უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის პრეზიდენტის ნაზი კუციავას მიმართ ბავშვთა დღესასწაულის ულამაზესი ღონისძიებით დატვირთვისათვის.

350965822 205916039047398 8331661139698952061 N

პირველი ივნისი ბავშვებისთვის სახალისო და დაუვიწყარი გახდა დღის განმავლობაში შესრულებული სიმღერების და ცეკვების, ორგანიზებული მრავალფეროვანი თამაშების, მოწყობილი სიურპრიზების და მათთვის გადაცემული საჩუქრებისა და დადგმული სპექტაკლის წყალობით.

დღე საზეიმო იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის, ბათუმის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის ცენტრებისა და ასევე სოფლებში მოქმედი საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისათვის. ამ ცენტრების აღმზრდელ-პედაგოგების მზრუნველი ძალისხმევით ბაღის პატარები ბავშვობის ულამაზეს დღეებს ატარებენ საბავშვო ბაღში, აქ ბავშვები იღებენ სომხურ აღზრდა-განათლებასა და დაწყებით სასკოლო ცოდნას.

350817516 783817623408178 5835084158029718044 N

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են