ბოლნისელ მოსწავლეებს ოცნება აუსრულდათ
2023 წლის 4 ივნისს, ქ. ბოლნისის N2 სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს ოცნება აუსრულდათ - მოეწყო ექსკურსია თბილისის ღირსშესანიშნავ ადგილებში. ბოლნისელების ჯგუფს, რომელსაც კლასის დამრიგებელი სვეტლანა სარგსიანი ხელმძღვანელობდა, თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ექსკურსიამძღოლი ედიტა ზორაბიანი დახვდა და ჯგუფს საინტერესო და შინაარსიანი დღის გატარებას დაჰპირდა. უძველეს ეკლესიაში სანთლების დანთების შემდეგ ჯგუფის მომდევნო გაჩერება ხოჯივანქის სომეხ დიდებულთა პანთეონი იყო, სადაც სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული სიამაყით აღივსნენ აქ განსვენებული თითოეული სომეხის ხსოვნის გამო.
ბოლნისელი სკოლის მოსწავლეების ჯგუფი საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარს ეწვია. აქ საკვირაო წმინდა წირვაზე დასწრების შემდეგ, მათ პატივი მიაგეს საიათნოვას და ეკლესიის ეზოში განსვენებული სხვა გამოჩენილი ადამიანების ხსოვნას.
შემდეგ მეიდნის რაიონიდან სოლოლაკისკენ მიმავალი გზით - თუმანიანის ბილიკებით - ამაღლების ქუჩაზე მდებარე N18 კორპუსამდე მივიდნენ. გაეცნენ იმ სახლებისა და შენობების ისტორიას, სადაც საკუთარი ცხოვრების წლები გაატარეს სომეხი ერის ღირსეულმა შვილებმა, ვიქტორ ამბარცუმიანმა, ძმებმა ორბელებმა და სხვებმა, ნახეს თუმანიანის „ვერნატუნ“-ის ისტორიული შენობა.
ჰოვანეს თუმანიანის ყოფილ ბინაში - ამჟამად საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში მისულმა ექსკურსიის მონაწილეებმა აღფრთოვანებულებმა დაათვალიერეს იქაურობა, მოისმინეს უამრავი ისტორია ჰოვანეს თუმანიანსა და მის თბილისის ბინაზე. ნანახით აღფრთოვანებულმა ბოლნისის N2 სომხურენოვანი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს თუმანიანის ბალადა „ძაღლი და კატა“ და ცნობილი ოთხტაეპიანი ლექსები.
დასასრულს მოსწავლეებმა ანაჰიტ ბოსტანჯიანის წიგნები და „კამურჯ“ ლიტერატურული ჟურნალის სხვადასხვა ნომერი მიიღეს, რომელიც მათ პოეტის ქალიშვილმა გაიანე ბოსტანჯიანმა გადასცა.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღსავსე დღე ულამაზეს მოგონებად დარჩება სკოლის მოსწავლეთა და მათ მშობელთა მეხსიერებაში.