საქართველოს სომეხთა ეპარქიაში მთარგმნელთა დღე აღინიშნა და ეპარქიის შაბათის სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
2023 წლის 29 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მთარგმნელთა დღესასწაული აღინიშნა ნიშნად წმ. სააკ პართევისა და წმ. მესროპ მაშტოცის ხსოვნისა. სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის სომხური ენის შემსწავლელი „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ სკოლების მოსწავლეები.
ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინა. მწირველი გახლდათ ღირსი მღვდელი სამველ თოროსიანი. საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მწირველმა მღვდელმა იქადაგა სააკ პართევისა და მესროპ მაშტოცის - სომხური დამწერლობის შემქმნელთა და საეკლესიო ბიბლიოგრაფიის დამფუძნებელთა წმინდა სინათლით განათლების და მათი მაგალითით ცხოვრების შესახებ.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა დამსწრეებს სომხური ეკლესიის ულამაზესი დღესასწაული - მთარგმნელთა დღე მიულოცა და მათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და მილოცვა გადასცა. დიასპორაში სომხური ენის შენარჩუნებისა და სომხური სულისკვეთებით აღზრდის ეროვნულ საქმეზე საუბრისას მღვდელმა სამველ თოროსიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ სკოლების საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სკოლები სომხურ ენას ჩამოშორებული სხვადასხვა ასაკის ეროვნებით სომეხი მოქალაქეებისათვის შესაძლებლობას ქმნის რათა დაეუფლონ დედაენას, გაეცნონ სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორიას და დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ევგენია მარკოსიანმა „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სკოლის 2022-23 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა - დიდი იმედითა და თხოვნით, რომ გააგრძელებენ სომხური ენით ცხოვრებას და შეინარჩუნებენ კავშირს სომხურ ეკლესიასთან.
კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება მიულოცეს და დედაენის წმინდად დაცვისკენ მოუწოდეს „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ შაბათის სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თამარა გაბოიანმა, „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა როზა ზორაბიანმა, ასევე ისტორიის პედაგოგმა რევიკ კარაპეტიანმა, სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ფუნქციონირებს ორი ერთდღიანი სკოლა, სადაც მსურველებს შეუძლიათ დაეუფლონ მესროპ მაშტოცის მიერ შექმნილი დამწერლობის მქონე სომხურ ენას და სომხურ ლიტერატურას, გაეცნონ სომხური ეკლესიისა და სომეხი ხალხის ისტორიას. აქ სწავლება ორწლიანია. ამ სკოლებში სომხური ენის შესწავლის საშუალება აქვთ ათი წლის და უფროსი ასაკის ეროვნებით სომეხ ადამიანებს, ვინც არ ფლობს მშობლიურ ენას. სწავლება უფასოა.