იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
2023 წლის 16 ივლისს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნა. სომხური ეკლესიის 5 ძირითადი დღესასწაულიდან ერთ-ერთი საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით იზეიმეს. თბილისსა და საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მორწმუნე ხალხი დილიდანვე დიდი ენთუზიაზმით მოდიოდა ტაძარში როგორც ხალხი უწოდებს - ვარდავარის დღესასწაულის ერთმანეთისათვის მისალოცად და მასში მონაწილეობის მისაღებად.
მხიარული და სახალისო განწყობა იყო თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მწირველი მღვდელი გახლდათ სამველ თოროსიანი.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას სულიერმა მამებმა სათანადოდ იქადაგეს დღის მნიშვნელობაზე. სახარების თანახმად იესო ქრისტე თავის მოწაფეთაგან პეტრეს, იაკობსა და იოანესთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე და იქ ლოცვისას ფერი იცვალა, გარდაისახა.
წმინდა გრიგორ ტათევაცი (ტათეველი) დღესასწაულის სახელწოდების - „ვარდავარ“ განმარტვისას ახდენს იესოს ვარდთან შედარებას: ისევე როგორც ვარდი გაშლამდე საკუთარ კვირტში არის დაფარული, ხოლო გაფურჩქნით ხილული ხდება ყველასათვის, ასევე იესო ქრისტე ფერისცვალებამდე საკუთარ თავში ატარებდა ღვთაებრივ სინათლეს და ფერისცვალებით გვაუწყა მისი ღვთაებრიობა.
სასულიერო დასის მიერ მფარველი ლოცვის წაკითხვის და მრევლის დალოცვის შემდეგ, სადღესასწაულო განწყობა დედაქალაქის ორივე ეკლესიის ეზოებში გაგრძელდა. წარმართული დროიდან შემორჩენილმა და ქრისტიანული ელემენტებით დატვირთულმა წუწაობის ჩვეულებამ, ან ვარდავარმა თავისი გამოხატულება პოვა წუწაობის დაწყებაში.
წუწაობა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ორგანიზებული მხიარული სიმღერის და მუსიკის ფონზე წარიმართა. წუწაობაში ჩაერთნენ ადგილზე მყოფი მოხუცები და ახალგაზრდები, სტუმრები და საღმრთო ლიტურგიის მონაწილეები.
მხიარული წუწაობის, სიმღერის, ცეკვის და ერთიანობის ტრადიციული მრგვალი ცეკვის შემდეგ, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ეზოში, არნო ბაბაჯანიანის ვაჟი - არაიკ ბაბაჯანიანი დამსწრეებს შესაწირით გაუმასპინძლდა
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ფერისცვალებით სულიერად გაბრწყინებული და ვარდავარის წყლით განწმენდილი მორწმუნეები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში - თან წაიღეს მწირველი მღვდლების მოწოდება - წყლით განწმენდილებსა და იესოთი განახლებულებს ახალი ცხოვრებით გაეგრძელებინათ ცხოვრება.
იესო ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით აღვლენილი სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ საზეიმო ღონისძიებები გაიმართა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“, ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, ნინოწმინდის „სურბ სარგის“ და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ტაძრებსა და მიმდებარე სოფლების ეკლესიებში.