საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენელს თბილისის სურბ გევორგ ტაძარში უმასპინძლეს
2023 წლის 15 ნოემბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ევია კოტანი ეწვია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარს. ქალბატონი კოტანი ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავითიანმა მიიღო.
ორმხრივი საუბრისას ეპისკოპოსმა კირაკოსმა ევროკავშირის წარმომადგენელს გააცნო საქართველოს სომეხთა ეპარქიის ისტორია, სასულიერო-საეკლესიო ცხოვრების არაერთი პროგრამა და ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელიც ხორციელდება ეპარქიის კულტურულ, საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებებში, აგრეთვე, ხაზი გაუსვა სოციალური და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გაწეულ საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
საუბრისას მხარეები შეხვედრების და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც, რა თქმა უნდა, ნაყოფიერი იქნება ორივე მხარისათვის.
შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. შეხვედრას ესწრებოდა სათემო ინიციატივების განვითარების ფონდის ხელმძღვანელი მარი მიქოიანი.