Материалы

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მიღება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელიც UNESCO-ს ინიციატივით 1995 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სხვადასხვა რელიგიური ეპარქიისა და თემის მიმართ ურთიერთპატივისცემის, სიყვარულისა და დაფასების გამოხატვის მიზნით, ყოველწლიურად რელიგიურ თემებსა და ორგანიზაციებში ეწყობა ინტერრელიგიური საბჭოს წევრების შეხვედრა და მასპინძლობა.

2023 წელს, 16 ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, გამორჩეულად აღინიშნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელს და წარმომადგენელს უმასპინძლა. მიღებაზე საქართველოში მოქმედი 14 რელიგიური ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.

თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მონახულების შემდეგ, სტუმრები საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის, ხელმძღვანელობით "ჰაიარტუნ" ცენტრს ეწვივნენ.

დარბაზში იმყოფებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, საქართველოს ებრაელთა თემის, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, თბილისის  საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, ხსნის არმიის,  მეშვიდე დღის ადვენტისტთა და სხვა დენომინაციის ლიდერები და წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებოდა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი.

2

სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა. წმიდა მამამ ხაზი გაუსვა XII საუკუნიდან საქართველოში მოქმედი საქართველოს სომეხთა ეპარქიის საქმიანობას, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებდა რელიგიურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მრავალფეროვნებას და მუდამ იყო საქართველოს ქრისტიანული სარწმუნოების ნაწილი. მან ხაზგასმით აღნიშნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ტოლერანტული გარემოს და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის გამორჩეული ურთიერთობების ჩამოყალიბების საქმეში.

რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს დღესასწაული მიულოცა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან ხაზი გაუსვა საქართველოში ტრადიციულად არსებულ ტოლერანტულ გარემოს და აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე, რელიგიური თემების ვალია, კიდევ უფრო მეტად გააღრმაონ და ხელი შეუწყონ ამ ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ დაფასების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს სააგენტოს ინიციატივაში მონაწილეობის მიღების და ღონისძიების მასპინძლობისათვის,  აგრეთვე, მიულოცა უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ ეპისკოპოსად ხელდასხმა და უსურვა, რომ ახალ-ახალი მიღწევებით განაგრძოს მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელი, საქართველოს სულიერ ცხოვრებაში მისი ღირსეული ადგილის მქონე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ხელმძღვანელობა.

3

ღონისძიების დამსწრეები საკუთარ გამოსვლებში, რომელიც სხვადასხვა ამბითა და იგავ-არაკით გაამრავალფეროვნეს, აღნიშნავდნენ, რომ ისინი ერთი უფლის შვილები არიან, თუმცა სხვადასხვა დენომინაციის წარმომადგენლები, ერთმანეთისადმი სიყვარული და პატივისცემა აკავშირებთ.

რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, ტოლერანტობის დღე საქართველოში მსგავსი ფორმატით 2016 წლიდან აღინიშნება. 2016 წელს, ღონისძიების პირველი მასპინძელი  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო.

ღონისძიება ბრწყინვალე გამოსვლებით დაამშვენეს და დარბაზში სადღესასწაულო განწყობა შექმნეს სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის მაკარ ეკმალიანის სახელობის  მგალობელთა გუნდმა, ქორმაისტერის, სვეტლანა ტატოევას ხელმძღვანელობითა და პიანისტის, კარენ მირზოიანის, მონაწილეობით, მედუდუკეთა ივანე მკრტჩიანისა და არენ ჰარუთუნიანის, მევიოლინე ალექს აკოპიანის და პიანისტ ანრი აკოპოიანის, მედოლე არმენ პაპიკიანის უმშვენიერესმა შესრულებებმა.

ღონისძიების შეუდარებელ დასასრულად იქცა, ნიჭიერი სოლისტის, აიდა ბაზოიანის მიერ უკვდავი საიათნოვას რჩეული ნაწარმოებების სომხურ და ქართულ ენებზე შესრულება. ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილი ულამაზესი ღონისძიება საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სასიამოვნო შთაბეჭდილებებითა და ამაღლებული სადღესასწაულო განწყობით დასრულდა.

 

4

5

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են