ეკუმენური ლოცვა ქრისტიანთა ერთობისთვის
2024 წლის 19 იანვარს თბილისში ქრისტიანთა ერთობისათვის ლოცვა აღევლინა, რომელიც წლებია სრულდება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის, საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის და საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური და ანგლიკანური ეკლესიების მიერ. წელს ეკუმენური ლოცვის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესია: ლოცვა აღევლინა თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში.
ქრისტიანთა ერთობისთვის აღვლენილ ლოცვაში მონაწილეობდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის სასულიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი და ეპარქიის დიაკვანი გევორგ ავეტისიანი.
მიმდინარე წლის 18-25 იანვარს ქრისტიანთა ერთობისთვის მთელს მსოფლიოში ქრისტიანთა ერთიანობის კვირეული იმართება. ეს ტრადიცია გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს.
მოგვიანებით ეკლესიათა მსოფლიო საბჭომ (World Council of Churches) აღნიშნულ ინიციატივას ყოველწლიური სახე მისცა და იგი ყოველწლიურად იანვრის ბოლოს იმართება.
კვირეული ერთგვარად ეხმაურება იესოს სურვილს: „რათა ყველანი ერთი იყვნენ“ (იოან.17.21).
ღვთის სიტყვის საყოველთაო მსახურებისთვის აღვლენილი 2024 წლის ერთობლივი ლოცვის თემა იყო - „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“ (ლუკ 10:27).
ეკუმენური ლოცვის ყველა მონაწილემ, წმინდა წიგნიდან ამონარიდების წაკითხვით და საეკლესიო მუსიკის თანხლებით, ისაუბრა ერთობისთვის ლოცვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს შეუძლიათ დააახლოონ ეკლესიების მორწმუნეები, რომ ერთად სცენ თაყვანი ერთადერთ ღმერთს, მაცხოვარს ჩვენსა იესო ქრისტეს.
ეკუმენური ლოცვა სასულიერო პირების ლოცვა-კურთხევით დასრულდა.