თბილისში ძირითადი ბარეკენდანი ჰარისას ფესტივალით აღინიშნა
2024 წლის 11 თებერვალს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ძირითადი ბარეკენდანის დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიით აღინიშნა. თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა, ხოლო ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში მწირველი მღვდელი გახლდათ ღირსი მღვდელი ჰოვსეფ ჰარუთუნიანი.
ძირითად ბარეკენდანს ეძღვნებოდა ჰარისას ფესტივალი, რომელიც საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს, „ჰაიარტუნ“ და „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრების მხარდაჭერით 2012 წლიდან მოყოლებული უწყვეტად იმართება საქართველოს სომეხ ქალთა კავშირ „შუშანიკ“-ის მიერ. თბილისელი სომეხი საზოგადოებიდან ამ ულამაზეს ფესტივალში ჩაერთნენ სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეკლესიის მოყვარული ქალბატონები, საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“ და ა/ო საქართველოს სომეხთა სათვისტომოს წევრები.
ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, ფესტივალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები, უცხოელი სტუმრები და მრავალრიცხოვანი საზოგადოება.
ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მაგიდებზე დაწყობილი იყო სამი ათეული ჰარისას ქვაბი, საიდანაც ირგვლივ მსუყე და გემრიელი ჰარისას სურნელი ვრცელდებოდა - სხვადასხვა მჟავესა და საკვებთან ერთად.
ღონისძიება საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ, სუსანა ხაჩატრიანმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მიზანს - დიდი მარხვის წინ გამართული ტრადიციული ჰარისას ფესტივალით შენარჩუნდეს და თაობებს გადაეცეთ ეს ეროვნული კერძი და ხალხური წეს-ჩვეულებები. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს, თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის ჯვრის ნათლიებს სამველ პოღოსიანს და ვაჩაგან ჰაკობიანს, მაღაზიათა ქსელ „არმენია“-ს თბილისის მაღაზიის დირექტორს ედუარდ მურადიანს და მრავალრიცხოვან მორწმუნეებს, ვისი მხარდაჭერით და ქველმოქმედებითაც უზრუნველყოფილი იქნა ჰარისას ფესტივალის ჩატარება.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა დამსწრეებს მიულოცა ძირითადი ბარეკენდანის საეკლესიო დღესასწაული და უსურვა მათ მტკიცე ნებისყოფით და ურყევი რწმენით გაიარონ დიდი მარხვის პერიოდი და შეეგებონ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
იკურთხა სუფრა და დაიწყო ჰარისას დაგემოვნება - კერძით გამასპინძლება მხიარული ცეკვა-სიმღერის თანხლებით გაიმართა. ძირითადი ბარეკენდანის და ჰარისას მინიჭებული მხიარული განწყობა დიდხანს იგრძნობოდა ირგვლივ. ნაკურთხი ჰარისა ასევე გაუნაწილდათ სნეულებსა და ხანდაზმულებს.