Материалы

თბილისში სუმგაითის ტრაგედიისას დაღუპულები გაიხსენეს

2024 წლის 25 თებერვალს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ერთობლივი ღონისძიებებით მოხდა სუმგაითის ტრაგედიის უდანაშაულო მსხვერპლთა გახსენება.

თბილისში დღე ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან  სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიწყო, რომელსაც ორგანიზატორობას ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელი არტურ მირზოიანი უწევდა. მსვლელობის მონაწილე თბილისელი სომეხი ახალგაზრდები საქართველოს, სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის დროშებით მივიდნენ სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, სადაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით აღვლენილ საკვირაო წირვა-ლოცვას შეუერთდნენ. 

წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს დიპლომატები, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, თბილისელი სომეხი ინტელიგენცია და საზოგადოების წევრები.

დამსწრეთათვის მიმართულ ქადაგებაში ეპარქიის წინამძღვარმა, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, პარალელი გაავლო დიდი მარხვის მესამე კვირის მნიშვნელობასთან - ისაუბრა უძღები შვილის იგავზე, სომეხ მოსახლეობას უმოქმედობის ძილიდან გამოფხიზლებისკენ, სამშობლოს საზღვრების და სახელმწიფოებრიობის მტკიცედ დაცვისა, მშობლიური ენის და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

425331075

წირვა-ლოცვის შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით აღესრულა პანაშვიდი 1988  წლის 27-29 თებერვლის პერიოდში აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში სომეხი ეროვნების მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტის უდანაშაულო მსხვერპლთა სულების სიმშვიდისათვის.

საშინელი დანაშაულის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში გაგრძელდა, რომელსაც ესწრებოდნენ ღირსი მღვდლები კირაკოს სიმონიანი და ჰოვსეფ ჰარუთუნიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატები ავეტიქ ჰარუთუნიანი და დავით ტერ მკრტჩიანი, ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ხელმძღვანელი არტურ მირზოიანი და თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლები.

ღონისძიების გახსნითი სიტყვა, რომლითაც „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი გამოვიდა, შეეხებოდა სომეხი ერის ისტორიას - მისი განვლილი გზის მუდმივი თანმხლები გენოციდის ხაზგასმას, რომელსაც მე-20 საუკუნის ბოლოს სუმგაითის ტრაგედიაც დაემატა, რამეთუ შეუბრალებელი სისასტიკით დახოცილი ადამიანების ერთადერთი დანაშაული მათი ეთნიკური წარმოშობა - სომხური წარმომავლობა იყო.

408936863

ფილმის სიუჟეტი, რომელიც შემზარავი დოკუმენტური მასალით აღწერს სუმგაითის მოვლენებს, შეავსო ბაქოს ყოფილი მკვიდრის არსენ მალხასიანის ნაამბობმა. მან გაიხსენა ისტორიები და ისაუბრა ტრაგედიის დღეებში ბაქოში მიმდინარე მოვლენებზე - საკუთარი და იმ ოჯახების ბედზე, რომლებსაც იცნობდა.

25 თებერვალს ანდრანიკ ოზანიანის დაბადების დღე იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებო იყო ისტორიკოს ენოქ თადევოსიანის გამოსვლა, რომელმაც ისაუბრა ანდრანიკ ფაშას პიროვნებაზე და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ეროვნული გმირის დაბადების 160 წლის იუბილეს აღნიშვნა სათანადოდ მოხდება, როგორც სამშობლოში, აგრეთვე სომხურ დიასპორაში.

ღონისძიება ერთიანობისკენ მოწოდებით დაასრულა ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, რომელმაც უფალთან და ეკლესიასთან სიახლოვის,  ბოროტების და უსამართლობის წინააღმდეგ ერთიანობის და სოლიდარობისკენ მოუწოდა დამსწრეებს.

428496809

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են