საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა
2024 წლის 30 მარტს, დიდ შაბათს, საღამოს, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში ჭრაგალუიცის (აღდგომის წინა დღის) საღმრთო ლიტურგია აღევლინა. ამ დღეს, სპეციალური წესის დაცვით, ტაძრის ყველა ლამპარი და კანდელი ინთება, იხსნება ეკლესიის საკურთხევლის ფარდები და ანთებული სანთლები ურიგდება ხალხს, რის შემდეგაც საღმრთო ლიტურგია აღევლინება.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა. ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ თბილისის სომხური სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუმრები და მორწმუნეები.
საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას, ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის მნიშვნელობაზე - კეთილის ბოროტზე გამარჯვებაზე და შეკრებილებს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ახარა. მორწმუნეებმა სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა მორწმუნეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საქართველოსა და სომხეთს მშვიდობა, წინსვლა და განვითარება უსურვა.
საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მორწმუნეებმა ტრაპეზის კანდელიდან აანთეს საკუთარი სანთლები და უფლისგან დალოცვილებმა საკუთარ სახლებში მიაბრძანეს წმინდა ცეცხლი - მაცხოვრის აღდგომის წმინდა სინათლე. ამას მოჰყვა ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ სახლის კურთხევის პირველი რიტუალის ჩატარება. იკურთხა პური, წყალი და მარილი.