საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ჯვართამაღლების დღესასწაული
2024 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში, სათანადოდ აღინიშნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ხუთი ძირითადი დღესასწაულიდან ბოლო - „ხაჩვერაცი“ (ჯვართამაღლება) ან ჯვრის განდიდების დღესასწაული.
თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსმა მღვდელმა ჰუსიკ ჰარუთუნიანმა.
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ის წევრი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე და თბილისის კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა იქადაგა დღის მნიშვნელობაზე, რწმენის ღირებულებასა და ჯვრის მნიშვნელობაზე, და დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა.
იმავე დღეს ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, ჯვრის განდიდების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ჯვართამაღლების („ხაჩვერაცის“) პროცესია ჩატარდა. სასულიერო დასის წინამძღოლობით, საგალობლების ფონზე ჯვრის ეკლესიის გარშემო შემოტარების და ვარდის წყლით ხალხის კურთხევის შემდეგ, იკურთხა რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილად არის მიჩნეული, და იგი მორწმუნეებს დაურიგდა.
ჯვართამაღლების დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით, სადღესასწალოდ აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონებსა და სოფლებში, ბათუმში მოქმედ სომხურ ეკლესიებში.