Материалы

ტრადიციული ტოლმის ფესტივალი - ეროვნული ერთიანობის სიმბოლო

2024 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის ეზოში ეროვნული სამზარეულოს კიდევ ერთი დედოფლის, სომხური ტოლმის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალი ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით, ხოლო ფესტივალის მფარველი გახლდათ ეკლესიის მოყვარული სომეხი მამულიშვილი  არკადი ჰოვაკიმიანი.

საკვირაო წმინდა წირვის დასასრულს, ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა-კურთხევისა და საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკის“ თავმჯდომარის სუსანა ხაჩატრიანის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც მხარდამჭერებს და მონაწილეებს მადლიერების სიტყვით მიმართა, დამსწრეებმა დააგემოვნეს სომხური ტოლმის სხვადასხვა ნაირსახეობა.

2

ფესტივალი, როგორც ყოველთვის, იყო მასშტაბური, ხალხმრავალი და მადისაღმძვრელი. ეკლესიის ეზოში გაწყობილ სუფრებზე წარმოდგენილი იყო მზარეულების სხვადასხვა იდეებით მომზადებული სამ ათეულზე მეტი ტოლმის ქვაბი, რომლის ავტორები გახლდნენ საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკის“ წევრი ქალბატონები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრი „ჰაიარტუნ“ის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის, ეთნოგრაფიულ-ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტარონ“-ის, ორგანიზაცია Homenetmen „Tbilisi“-ის, ვოკალური სტუდია „ვან“-ის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი მონაწილეები.

ფესტივალის საპატიო მონაწილე გახლდათ სომხეთიდან თბილისში ფესტივალისათვის ჩამოსული  დამოუკიდებელი მზარეული დავით ბაბაიანი, რომლის გაწყობილმა სუფრამ, სომხური სამზარეულოს კერძებითა და ათი სახეობის ტოლმით, განსაკუთრებული  სილამაზე შესძინა ფესტივალს და დამსწრეთა აღფრთოვანება და გაოცება გამოიწვია.

ფესტივალზე სადღესასწაულო განწყობა შექმნა, ღონისძიებისათვის სპეციალურად მოწვეულმა, სომხეთის რესპუბლიკის ვანაძორის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „ჰოროველ“ (სამხატვრო ხელმძღვანელი: არმენ ნერსისიანი).ანსამბლის კონცერტზე გაიჟღერა  ეროვნულ-პატრიოტულმა  სასიამოვნო სიმღერებმა.

სტუმრებს შორის იყვნენ თბილისის მერიის, საკრებულოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს ქალთა საბჭოს, საქართველოში მოქმედი ეკლესიების წარმომადგენლები და მორწმუნეები, აგრეთვე სტუმრები ერევნიდან, ვანაძორიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან და სხვ.

დღე შედგა, და მართლაც ეროვნული ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են