Материалы

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიან

ქრისტეს მიერ საყვარელნო სულიერნო ძმანო, სახელმწიფო, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ სფეროში მოღვაწენო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელნო, დანო და ძმანო,

სულიერი, რელიგიური, კულტურული ერთობა არა მხოლოდ რელიგიური გაერთიანებების, არამედ მთელი საზოგადოების საყრდენია. ამრიგად, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს რელიგიათშორისი და აღმსარებლობათშორისი დიალოგი, რათა თავისუფლად განხილულ იქნეს ის საკითხები, რომლებიც ყველას გვაღელვებს. რელიგიათშორისი და აღმსარებლობათშორისი დიალოგი ხელს შეგვიწყობს ერთმანეთის გაცნობაში, ეკლესიის ან პიროვნების არჩევანის პატივისცემაში, ადამიანის ან ერის რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფის არმიყენებაში.

რელიგიურ დიალოგში დაგვეხმარება საჭირო ლიტერატურის გამოცემა, რომლის მეშვეობითაც საჯაროდ გაშუქდება ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების აღმსარებლობა, ისტორია, დღესასწაულები, ტრადიცია. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობასთან მოქმედი რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა - კალენდრების, კონფერენციებზე წარმოდგენილი მოხსენებების გამოცემა, სხვა ქვეყნებში არსებული რელიგიური საკითხების ვითარებაზე ინფორმაციის გავრცელება, რადგანაც სხვების კარგი მაგალითი და გამოცდილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენთვის საქართველოში.

ოდითგანვე ქართველი მეფენი და თავად-აზნაურობა მჭოდრო კავშირში იყო ევროპასთან, როგორც ცნობილია სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში ქართველ და ევროპელ ხალხს შორის კავშირის გასამტკიცებლად იყო მიმართული. სავაჭროდ ან განათლების მისაღებად მიემართებოდნენ ევროპაში და შემდგომ მრავალი ინოვაციები შემოქონდათ საქართველოში. საქართველოს დედაქალაქი ტიფლისი კი ამიერკავკასიაშია, ასევე ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ევროპას მუდამ დიდი გავლენა ჰქონდა მასზე, როგორც არქიტექტურაზე, კულტურაზე, ჩაცმულობაზე. მრავალი სომეხი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ევროპაში განათლების მიღების შემდეგ თავის საქმიანობას აგრძელებდა საქართველოში. ამისი თვალსაჩინო მაგალითია თბილისის ნერსისიანის სასწავლებელში (ამჯამად კავკასიის უნივერსიტეტის შენობა) მოღვაწე პედაგოგები და ასევე მომავალში კურსდამთავრებულების განათლების გაგრძელება ევროპაში, მათ შორის ხაჩატურ აბოვიან, კომიტას არქიმანდრიტი, ერვანდ ქოჩარ, ალექსანდრ ხატისიან, არმენაკ შაჰმურადიან.

მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის ისტორიულად განსაკუთრებული როლის მქონე საქართველოს მართლმადიდებლური წმიდა ეკლესიის პოზიცია რელიგიური თემების მშვიდობიანი თანაცხოვრების საქმეში.

დროა გამოვიღვიძოთ, ფხიზლად ვუყუროთ დღევანდელ რეალობას და ვნახოთ, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო მსოფლიოში, სადაც იდევნებიან არა მხოლოდ ქრისტიანები, არამედ ჭეშმარიტი ისლამის მიმდევარი სათვისტომოებიც. გლობალიზებულ სამყაროში თავისებური ტრადიციებით მცხოვრები ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი გამოწვევები გამაერთიანებელი უნდა იყოს, მიუხედავად რელიგიური და სარწმუნოებრივი განსხვავებისა. უნდა დავიცვათ ოჯახური წეს-ჩვეულებები, ერების სულიერი და მორალური ტრადიციები, ვიზრუნოთ ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე, რათა მათ ირწმუნონ მაღალი ღირებულებები, ააშენონ სამართლიანი, თანასწორუფლებიანი საზოგადოება და ხალხს ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა მისცენ.

აუცილებელია აგრეთვე ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე ფიქრი, და საბჭოთა წლებში ჩამორთმეული ეკლესიებისა და სხვა რელიგიური ტაძრების დაბრუნება კანონიერ მფლობელთათვის.

საქართველოს მთავრობა, უთუოდ, ამ მიმართულებით დამაიმედებელ ნაბიჯებს დგამს, მაგალითად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსება და მისი დადებითი ფუნქციები, საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაცია, ისლამური და ებრაული თემებისთვის მეჩეთებისა და სინაგოგების დაბრუნება, ქართული მართლმადიდებლური წმიდა ეკლესიისთვის ტაძრებისა და ქონების დაბრუნება.

ჩვენს გარშემო უნდა დავამკვიდროთ სიყვარული, ერთსულოვნება, ტოლერანტობა და პატივისცემა ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად რელიგიური, სარწმუნოებრივი, ეროვნული და რასობრივი განსხვავებისა, რადგანაც ერთი ღმერთის შვილები ვართ.

გვფარავდეს უფალი და ჩვენს გულში, სულსა და გონებაში ნათელი და კეთილი გრძნობები დაამკვიდროს და გვიწინამძღვროს მშვიდობისკენ.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის

საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი

ღირსი მამა არქიმანდრიტი კირაკოს დავთიან

მოხსენება

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են