თბილისის სომხურ ეკლესიებში 40 სებასტიელი წმინდა ყრმის ხსოვნის დღე აღინიშნა
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესია დიდი მარხვის მეოთხე შაბათ დღეს სებასტიაში წამებულ ორმოც წმინდა ყრმას იხსენებს.
2022 წლის 26 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარსა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში დილის და საღამოს ღვთისმსახურებებზე ყვავილებით მორთული სანთლები აინთო, ნიშნად IV საუკუნის დასაწყისში წამებული ორმოცი წმინდა ყრმის ხსოვნისა, რომლებიც პატარა ჰაიქის (მცირე ჰაიქის) სხვადასხვა ქალაქებიდან იყვნენ და ქალაქ სებასტიის საიმპერატორო ჯარის სამხედრო სამსახურში ყოფნისას მოწამეობრივად აღესრულენ. 40 ანთებული სანთლით მორთული მაგიდა განასახიერებდა ყრმა მოწამეთა ერთგულებას ქრისტიანული სარწმუნოებისადმი, მათ წამებას, რომელიც ნათლის გვირგვინებით შემკობილი ვიხილეთ. ხოლო მოწამის სანთელი, რომელმაც ტანჯვებს ვერ გაუძლო ყვავილის გარეშე დარჩა, ნიშნად იმისა, რომ მოწამემ აღასრულა მიწიერი სიცოცხლე და ვერ მიაღწია ზეციურს.
ღვთისმსახურების დასასრულს, სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა და ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა სათანადოდ იქადაგეს დღის მნიშვნელობის შესახებ და ყრმათა ისტორიის მაგალითზე დამსწრეებს მოუწოდეს, ცხოვრების ნებისმიერ განსაცდელში ყოფნისასაც კი უერთგულონ ქრისტიანულ სარწმუნოებას, იცხოვრონ სიყვარულით, იყვნენ კეთილგანწყობილნი და მუდამ მზად მსხვერპლის გასაღებად, გადალახონ ყოველგვარი განსაცდელი ზეციური გვირგვინის დასამსახურებლად.
ამის შემდეგ დიაკვანთა მიერ წაიკითხა 40 სებასტიელი მოწამის ისტორია.
ღვთისმსახურების შემდეგ სულიერი მამების მიერ შესრულდა ტრადიციული ზეთის კურთხევა. ნაკურთხი ზეთი მორწმუნეებმა თან წაიღეს სახლებში.
40 ყრმა მოწამის წმინდა ნაწილები დასვენებულია სებასტიაში, სადაც შემდგომში „ორმოცი ყრმის“ სახელობის 40 გუმბათოვანი ტაძარი აშენდა. ტაძარი თემურლენგის შემოსევამდე იდგა.