Материалы

ოლგა მაჭკალიანის 150 წლის იუბილე საკუთარ ოჯახურ კერაში

2021 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში აღინიშნა ჰოვანეს თუმანიანის მეუღლის - ოლგა მაჭკალიანის 150 წლის იუბილე.

საღამო მოეწყო „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის და საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით.

დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე დარბაზში შეკრებილთა რაოდენობა მცირე იყო, შეკრებილებს შორის კი ყველა აცრილი. ღონისძიებას წარუძღვნენ გისანე ჰოვსეფიანი, სუსანა ხაჩატრიანი და გოჰარ მაზმანიანი.

ღონისძიება გამორჩეული იდეის მატარებელი იყო. იგრძნობოდა თუმანიანის ოჯახისათვის ჩვეული სითბო, სიყვარული და სტუმართმოყვარეობა. ოლგა დედას მაგალითიდან გამომდინარე იგი მიეძღვნა ტრადიციულ ოჯახში რწმენისადმი ერთგულების, ტრადიციების გადაცემის და რელიკვიების შენარჩუნების იდეას.

დარბაზში გამორჩეული ფუფუნება იგრძნობოდა. ოლგა დედას ხსოვნის დღისადმი დარბაზში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ოჯახში წინაპრებისაგან შემონახული იშვიათი ნივთი - ნაქარგები, იშვიათი ქოლგა, ჭურჭლის ნაკრები, ქისა, თავშალი და სხვა ისეთი  ნივთი, რომელმაც დამსწრეებს წარსულის კოლორიტული განწყობა შეუქმნა. აღნიშნული იშვიათი ნივთების წარმოდგენისათვის დამსწრეებმა მადლიერება გამოხატეს დავთიანის, ზოჰრაბიანის, აღეკიანის, უთმაზიანის და ერემიანის ოჯახების მიმართ.

ღონისძიებას ვიდეო ჩართვით შეუერთდა თუმანიანის შვილიშვილი ირმა საფრაზბეკიანი - გერმანიიდან, და ერევნის ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმის დირექტორი ანი ეღიაზარიანი. ქალბატონმა ირმამ ისაუბრა ბებია-ბაბუაზე, გაიხსენა თუმანიანის ისტორიულ სახლში ვიზიტები, ბებიასთან მისი ახლო ურთიერთობა და ბებიის მზრუნველობა, რომელიც მისთვის დაუვიწყარია. ქალბატონმა ირმამ დამსწრეებს წარუდგინა სამზარეულოს წიგნაკი, რომელზეც შემორჩენილია ოლგა დედას თითების სითბო. ხოლო ალიონა კალესნიკოვამ - თუმანიანის შვილთაშვილმა ისაუბრა იმ გულწრფელ სიყვარულზე, რომელიც ოლგა ბებიას ჰქონდა თითოეული შვილიშვილის მიმართ.

ოლგა მაჭკალიანისა და ჰოვანეს თუმანიანის ოჯახის მაგალითიდან გამომდინარე - ოჯახი უნდა იყოს ნამდვილი სახლი, სადაც უპირველესი უფლისადმი რწმენაა, იყოს მრავალშვილიანობა, ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემოდეს, ხოლო რელიკვიები წმინდად შენარჩუნდეს.

ღონისძიებაზე საუბარი შეეხო წმინდა შუშანიკის - ვარდან მამიკონიანის ქალიშვილის - ჰაგიოგრაფიას, რწმენისადმი მის ერთგულებას, რამეთუ სწორედ რწმენაა, რაც თითოეულ ჩვენგანს გულში მტკიცედ, წმინდად და ურყევად უნდა გაგვაჩნდეს.

დამსწრეებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ღონისძიების განსაკუთრებულობას, გაიხსენეს თავიანთ ოჯახებში დამკვიდრებული ტრადიციები და პატივი მიაგეს ოლგა მაჭკალიანის ხსოვნას.

ღირსმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა  დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა. ღირსმა მღვდელმა ოჯახს მიწიერი ის სამოთხე უწოდა, რომელიც აქ მყოფთ ანიჭებს სიმშვიდეს, სითბოს, სიყვარულს და პატივისცემას. მან დამსწრეებს გერმანიის წინააღმდეგ ომის ტყვეობიდან დაბრუნებული მამის მიერ წამოღებული გერმანული კოვზი ანახა, რომელიც მამამისისგან მას გადაეცა და მასთან საოჯახო რელიკვიად ინახება.

ღონისძიება „სურბ გევორგ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელის - სვეტლანა ტატოევას და მისი მოსწავლეების მიერ კლასიკური ნაწარმოებების შესრულებამ გაალამაზა. აღსანიშნავია ღონისძიების სტუმრის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის რეზიდენტის სამუელ ოდედოკუნის მიერ კლასიკური მუსიკის შეუდარებელი შესრულება.

ოლგა მაჭკალიანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება თუმანიანის ოჯახისათვის ჩვეული ჩაის სუფრასთან შეკრებით დასრულდა.

20211212

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են