საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედი ეკლესიები ეროვნულ რიტუალს შეუერთდა
2020 წლის 3 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე, თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარი საკათედრო ტაძრის ზარები დაირეკა და თბილისელი სომხები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, არცახისა და სამშობლოს დამცველთათვის მხარდაჭერის ლოცვას შეუერთდნენ.
დამსწრეებმა უფლისაკენ მიმართული მზერით, გამარჯვების დიდი იმედითა და რწმენით საზღვარზე მყოფი სომეხი ჯარისკაცების დაცვის ვედრებით ლოცვა აღავლინეს.
ლოცვის შემდეგ დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა. მან ისაუბრა უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში არცახისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე ფართომასშტაბიან ომზე. წინამძღვარმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ თავისუფლებისმოყვარე სომეხ ხალხს თავისი ისტორიის მანძილზე თავისუფლებისა და სამშობლოს დასაცავად სიკვდილ-სიცოცხლის უამრავი ბრძოლა გადაუტანია. დღეს ის საბედისწერო დროა, როდესაც სარდარაპატისა და ბაშ-აბარანის მაგალითის გამეორებით, სამშობლოს სიძლიერისათვის კვლავ მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი მშობლიური კერა, რათა ხვალ გავიხსენოთ ჩვენი გმირები, რომლებმაც სისხლი დაღვარეს ჩვენი სამშობლოსათვის და სიცოცხლე შესწირეს მას. ესაა მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის მოწოდება, ამას ითხოვს დედა სამშობლო.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში მრევლი უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოს პატრიარქის, გარეგინ II-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული ეროვნული მხარდაჭერის ლოცვას შეუერთდა.