„მიჯინქის“ ზეიმი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით ამჟამად დიდი მარხვის პერიოდია. 2021 წლის 10 მარტს, დიდი მარხვის 24-ე დღეს, მარხვა გაშუალედდა, რაც „მიჯინქ“-ს ნიშნავს. აღნიშნულ საეკლესიო დღესასწაულს თან ახლავს რიგი ხალხური წეს-ჩვეულებები, როგორიცაა მაგალითად ქადის ან ბაღარჯის გამოცხობა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიები სათანადოდ მოემზადა „მიჯინქის“ დღესასწაულისთვის.
თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ქვემო ქართლის რეგიონის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის ზავენ იაზიჩიანისა და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა „სადღესასწაულო“ ღვთისმსახურება. ღვთისმსახურების შემდეგ დამსწრეები დალოცა და დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა ეპარქიის წინამძღვარმა.
არქიმანდრიტმა კირაკოსმა მორწმუნეებს უსურვა სიყვარულითა და რწმენით გაიარონ დიდი მარხვის მეორე ნახევარიც, რომელიც იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე გაგრძელდება. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 4 აპრილს იზეიმებს.
„მიჯინქის“ დღესასწაული დიდი ზეიმით აღინიშნა ასევე ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. საქართველოს დედაქალაქის ორ სომხურ ტაძარში საეკლესიო წესის შემდეგ ეკლესიების ჯვრის ნათლიები, იური ერემიანი და გრიგორ ნალბანდიანი მორწმუნეებს სომხური ქადით გაუმასპინძლდნენ. მრევლი ნასიამოვნები დარჩა იმ ჯვრებით, რომელიც მათ ეკლესიების ჯვრის ნათლიებისგან ერგოთ.
ხოლო სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატსა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში „მიჯინქის“ დღესასწაული სომხური ქადის დღესასწაულად ჩამოყალიბდა. მორწმუნეები ღვთისმსახურებაზე იყვნენ მოსულები სპეციალურად ამ დღესასწაულისათვის გამოცხობილი ქადებით. ყველგან იკურთხა დიასახლისების მიერ გამოცხობილი გემრიელი ქადები და დაურიგდა მორწმუნეებს.
„მიჯინქის“ მინიჭებული სიხარულის მონაწილე გახდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. მღვდლის, ტათევ მარუქიანის კურთხევის მიღების შემდეგ აღსაზრდელებმა გემრიელი ქადები მიირთვეს.
ჯვრის ნათლიების მიერ ნაკურთხი ჯვრების ჩუქების სიხარულმა მოიცვა უფროსი და უმცროსი ასაკის მრევლი, რამაც მორწმუნეთათვის „მიჯინქის“ დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია.