Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

მთელ მსოფლიოში გავრცელებული „კოვიდ-19“-ის პანდემია უკვე მეორე წელია საკუთარ პირობებს უყენებს განათლების სისტემას, გადააქვს სასწავლო პროცესი ონლაინ სივრცეში და ახალ თაობას საკლასო ოთახებში გაკვეთილებში მონაწილეობის, მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს ართმევს.

სასიამოვნოა, რომ შეიცვალა დღის წესრიგი, საქართველოს ყველა ტიპის სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში 2021-2022 სასწავლო წელს სასწავლო- სააღმზრდელო პროცესი დაუბრუნდა ჩვეულ ფორმატს, აღსაზრდელები, მოსწავლეები და სტუდენტები დაუბრუნდნენ საბავშვო ბაღებს, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს.

2021 წლის 5 ოქტომბერს, სასიამოვნო განწყობა იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც დიდი ჟრიამულით დაიწყო ახალი სასწავლო წელი.

მიღებული ტრადიციის თანახმად, ცენტრის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მშობლებთან ერთად, მასწავლებლების ხელმძღვანელობით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს დილის ღვთისმსახურებაში.

ღვთისმსახურების შემდეგ, ეპარქიის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის საპატიო წინამძღოლობით, ღირსი მღვდლის სამველ თოროსიანის და დიაკვან ეღიშე ჰარუთუნიანის მონაწილეობით შესრულდა ბავშვების კურთხევის წესი. ვიკარიუსმა დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა გადასცა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. წმინდა მამამ ხაზი გაუსვა სომხური სკოლის და ეკლესიის როლს დიასპორაში მცხოვრები სომეხი ადამიანის იდენტობის და ეროვნების შენარჩუნების საქმეში, მადლიერება გამოხატა თაობებისათვის სწავლა-განათლების მიმცემი და აღმზრდელი მასწავლებლების, მშობლების მიმართ და ხაზი გაუსვა ეპარქიის განათლების განყოფილების ღვაწლს, რომლის დაქვემდებარებაში მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც სწავლას მშობლიურ ენაზე არსებულ სკოლებში აგრძელებენ. ასევე მადლობა გადაუხადა „ჰაიარტუნ“ ცენტრს, სადაც სომეხი ეროვნების სკოლის მოსწავლეები საკუთარ ცოდნას ეროვნული კულტურით ამდიდრებენ. წმინდა მამამ სკოლის მოსწავლეებს მოუწოდა, კარგად ისწავლონ, ძალ-ღონე არ დაიშურონ იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ სწავლისას წამოჭრილ სირთულეებს, რამეთუ მხოლოდ განათლებაა კარგი მომავლის საწინდარი.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სადღესასწაულო დღე უფრო მეტად გაუხალისათ „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანლის, ევგენია მარკოსიანის ინიციატივით აღსაზრდელებისათვის მომზადებულმა სიურპრიზმა: ბავშვებისათვის კარგად ნაცნობი სპაიდერმენი (ჰენრიხ პეტროსიანი) და ზორო (არამ მიქაელიანი) დახვდნენ მათ და მაშინვე ჩართეს ისინი სხვადასხვა თამაშებში, ისე, რომ საბავშვო ბაღში ახლად მოსულ პატარებს ტირილის დროც აღარ დარჩათ.

დაახლოებით ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღში მოქმედ ორ ჯგუფში მხიარული თამაშებით, საინტერესო მეცადინეობებითა და სახალისო მულტფილმების ყურებით დროს გაატარებს სამ ათეულზე მეტი ბავშვი. მეცადინეობები დაიწყო ასევე  ცენტრის  სხვა შემოქმედებით ჯგუფებშიც.

დღეს აღსაზრდელები მიიღეს ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის დაქვემდებარებაში მოქმედმა ბათუმის „ალექსანდრ მანთაშიანც“, რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“, ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“, ახალქალაქის „არქიეპისკოპოს კარაპეტ ბაგრატუნი“ ახალციხის „ვარდგეს სურენიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრებმა. ეპარქიის ცენტრებში მიმდინარეობს მიღება როგორც საბავშვო ბაღებში, ასევ სხვადასხვა შემოქმედებით ჯგუფში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են