საშობაო სადღესასწაულო წირვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში
2022 წლის 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ტაძრებში გაგრძელდა შობისა და ნათლისღების აღნიშვნა, რომელიც სათანადოდ იზეიმეს ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.
სადღესასწაულო განწყობა იყო მორწმუნეებით სავსე თბილისის „სურბ გევორგ“ და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიებში. „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში წმინდა წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა.
საქართველოში მცხოვრები სომეხი მორწმუნეებისათვის შობისა და ნათლისღების დღესასწაულების მისალოცად თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები, სათემო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მორწმუნეები.
წმინდა წირვის მიმდინარეობისას საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა წაიკითხა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ეპისტოლე შობისა და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით.
წმინდა წირვის დასასრულს ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით შესრულდა წყლის კურთხევის ცერემონია. არქიმანდრიტმა კირაკოსმა მადლიერების სიტყვით მიმართა მრავალი წლის მანძილზე „სურბ გევორგ“ ეკლესიის ჯვრის ნათლიის მოვალეობების დიდი სიყვარულითა და მაღალი მზაობით შემსრულებელ ღირსეულ მამულიშვილს, მორწმუნე ქრისტიანს იური ერემიანს და მის ოჯახს, და მათ კურთხევის წერილი გადასცა.
2022 წელს ჯვრის ნათლიები გახდნენ მორწმუნე ქრისტიანები - არტაკ ავეტისიანი - თბილისის „სურბ გევორგ“ მთავარ საკათედრო ტაძარში და სამველ პოღოსიანი - ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში.
წმინდა წირვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ახალი წელი და შობა მიულოცა და მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს - წმინდა წირვაზე დასწრებისათვის. წმინდა მამამ ხაზი გაუსვა ერთი და იმავე რელიგიის და კულტურის მატარებელი თანამორწმუნე სომეხი და ქართველი ხალხების ათასწლოვან ძმურ ურთიერთობას, სომხური და ქართული ეკლესიების მეგობრობას. მწირველმა არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მაღალი რანგის ქართველ სტუმრებს დამდეგი შობა მიულოცა.
შობის დღესასწაული, რომელიც სომეხმა მორწმუნეებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში იზეიმეს, სხვადასხვა ქართული მედიასაშუალებით გაშუქდა.