ქაჯარანელი ბავშვები "ჰაიარტუნ" ცენტრში
2022 წლის 27 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრმა უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის სიუნიქის პროვინციის ქ. ქაჯარანის ხელოვნების სკოლის თეატრალური ხელოვნების განყოფილების მოსწავლეებს, მასწავლებლებთან ერთად. სტუმრებმა საქართველოს დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების და თბილისში სომხური კვალის გაცნობის მიზანს შეუსაბამეს ასევე ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების დადგმით თბილისელი სომეხი ბავშვებისათვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობის იდეა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელი ევგენია მარკოსიანი მიესალმა დამსწრეებს და მათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ნაცვლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა. საუბრისას მან ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს საზღვრისპირა რეგიონიდან ჩამოსული მოსწავლეების ძალისხმევით წარმოდგენილი ნაცნობი ზღაპრების ყურების შესაძლებლობას.
მოსწავლეებმა ერთმანეთის მიყოლებით წარმოადგინეს თუმანიანის ზღაპრებიდან - "ბარეკენდანი", "კიკოსის სიკვდილი" და "მატყუარა". შთამბეჭდავი იყო პატარა მსახიობების თავისუფალი სიტყვა, როლის სწორად წარმოჩენის პასუხისმგებლობა, შეუკავებელი სიცილი და სწორი კომიკური აღქმა, რამაც გულწრფელი ღიმილი და მხიარული განწყობა შექმნა დარბაზში. წარმოდგენა მხურვალე აპლოდისმენტების ფონზე მიმდინარეობდა.
თეატრალური ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელმა ართურ გაბრიელიანმა სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენას ხალხმრავალ დარბაზში შეკრებილი უამრავი ბავშვი და ზრდასრული მაყურებელი ჰყავდა, რაც პატარა მსახიობებისათვის უკვე არის უმაღლესი შეფასება. მან ისაუბრა ასევე 44-დღიანი ომისადმი მიძღვნილ კომპოზიციაზე, რაც მოსწავლეთა მიერ 44-დღიან ომში დაღუპულ ქაჯარანელ სამხედროთა ხსოვნისადმი პატივის მიგება გახლდათ. ამჟამად თეატრალური ხელოვნების განყოფილება თოჯინების წრის შექმნისა და ზოშჩენკოს მხიარული ისტორიების დადგმის მიმართულებით მუშაობს, რაც კიდევ უფრო დატვირთულს და საინტერესოს გახდის ჯგუფის წევრების ყოველდღიურ საქმიანობას.
ქაჯარანის ხელოვნების სკოლის დირექტორის, არმინე თუმანიანის თქმით, სკოლის სხვადასხვა კლასში სწავლობს 340 მოსწავლე, ყოველწლიურად სკოლაში მისაღები გამოცდების საფუძველზე ირიცხება 40-ზე მეტი მოსწავლე. ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ქაჯარანის მერის მანველ ფარამაზიანის მხარდაჭერას სკოლის საქმიანობის წარმართვაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მომავალი თაობის განათლების პროცესში ესთეტიკური აღზრდის ელემენტების განვითარებისათვის.
ხელოვნების სკოლის სხვადასხვა განყოფილებაში სწავლება ხუთწლიანია. თეატრალური ხელოვნების განყოფილებამ, რომელსაც სულ რაღაც 4 წლის ისტორია აქვს, 2019 წელს მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის საერთაშორისო ფესტივალში "სლავური გვირგვინი" და პირველი ადგილი დაიკავა.
ბავშვებისათვის მხიარული და ბედნიერი დღე გამასპინძლებითა და მათთვის "სამარელების ქისა"-ს საჩუქრების გადაცემით დაგვირგვინდა. რა თქმა უნდა, სპექტაკლებიდან მიღებული შთაბეჭდილებები წარუშლელად დარჩება საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა და სომხური სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მოგონებებში, რომლებიც დიდი სიხარულით დაესწრნენ პატარა მსახიობების წარმოდგენას.