Материалы

ისტორიული მოვლენა თბილისის ხოჯივანქის პანთეონში: ჩატარდა სიწმინდეების ხელახალი დაკრძალვა

მართლაც, 2022 წლის 30 ოქტომბერი საქართველოს სომეხთა ეპარქიის, კერძოდ, თბილისის სომხური თემის ცხოვრებაში ისტორიულ თარიღად ჩაიწერა, რომელიც თბილისის ყოფილი მონასტრის ტაძრის (ვანქი ტაჭარ) ან ჰარანც ვანქის ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი სიწმინდეების ხელახალი დაკრძალვის ცერემონიას უკავშირდება.

თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში,  ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობითა და სამცხე-ჯავახეთის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ნშან ჰმაიაკიანის და ქვემო ქართლის რეგიონის სოფლების - შაუმიანის, წითელსოფლისა და ახკერპის სულიერი მწყემსის, არქიმანდრიტ ზავენ იაზიჩიანის მონაწილეობით, სომხეთის რესპუბლიკის ქანაქერის სურბ ჰაკობ ეკლესიის ღირსმა მღვდელმა შმავონ ღევონდიანმა წმინდა წირვა აღავლინა. წმინდა წირვის დასასრულს, ეკლესიის საკურთხევლის წინ განთავსდა ყუთები, რომელშიც დასვენებული იყო თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის სარესტავრაციო სამუშაოების დროს გათხრების შედეგად აღმოჩენილი სიწმინდეები.

ტაძარში სამგლოვიარო მუსიკის ფონზე ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღვრობით ერის გამოჩენილი შვილების სულების სიმშვიდისთვის აღესრულა პანაშვიდის წესი. აღნიშნული ცერემონია იქცა დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგებად, რომელთა ცხედრები საბჭოთა პერიოდის ურწმუნოების წლებში დანგრეული ეკლესიისა და მიმდებარე სასაფლაოს ნანგრევების ქვეშ მოექცა.

დამსწრეთადმი მიმართულ სიტყვაში, არქიმანდრიტმა კირაკოს დავთიანმა ისაუბრა იმ მცირედზე, რაც დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიას შეუძლია მიცვალებულთა წმინდა ნაწილების ქრისტიანული სარწმუნოების შესაბამისად ხელახალი დაკრძალვით. წმინდა მამამ მადლიერება გამოხატა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ვიცე-პრემიერის, პირადად ქალბატონი თეა წულუკიანის მიმართ, ვისი ყურადღებიანი და პატივცემლური დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის შედეგად სომეხი შვილების წმინდა ნაწილები და საფლავის ქვები სამუდამო განსასვენებელს იპოვიან ხოჯივანქის პანთეონში.

რიტუალური ცერემონიის დასრულების შემდეგ ყუთებში განთავსებული სიწმინდეები სამგლოვიარო პროცესიის თანხლებით სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენდა.

ხოჯივანქში ხელახალი დაკრძალვის პროცესიას შეუერთდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საელჩოს დიპლომატები, სომეხი ინტელიგენციისა და თბილისის სომხური თემის წარმომადგენლები.

სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით აღევლინა პანაშვიდი, რის შემდეგაც შეგროვებული სიწმინდეები სამარხში ჩაესვენა. ეპარქიის წინამძღვრის არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის მიერ საფლავზე წარმოთქმულ სიტყვაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიცვალებულები, რომელთა ცხედრებიც ათწლეულების მანძილზე ასფალტისა და ბეტონის საფარის ქვეშ იყო მოქცეული, სიწმინდეების სახით მიებარა მიწას. წმინდა მამამ თავისი სიტყვა უზენაესისადმი მიმართული ვედრებით დაასრულა, რათა დაგვიცვას მსგავსი ურწმუნოების შედეგების და ხელახალი დაკრძალვის ცერემონიებისგან.

ხელახალი დაკრძალვის შედეგად წარმოქმნილი საფლავი ყვავილებით შეიმკო.

 

Img

Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322922248
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2022 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են