წმინდა მთარგმნელთა დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრში
სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის კალენდრით, 2024 წლის 12 ოქტომბერს წმინდა მთარგმნელთა დღესასწაული აღინიშნა.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურულ ცენტრში გამართული ღონისძიების მიზანი იყო წმინდა მთარგმნელ ვარდაპეტთა ღვაწილის მაგალითზე მთარგმნელობითი საქმიანობის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების დაახლოებისა და გაღრმავების საქმეში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხური ლიტერატურის მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები, პოეტები და მთარგმნელები, ქართველი კალმის მეგობრები. დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილი ღვაწლმოსილი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის ხსოვნას.
საუფლო ლოცვის წარმოთქმის შემდეგ „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა, ღირსმა მღვდელმა კირაკოს სიმონიანმა, დამსწრეებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევა და კეთილი სურვილები გადასცა, ისაუბრა დამწერლობის შექმნის და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე კულტურის განვითარების, ეროვნულობის შენარჩუნებისა და სარწმუნოების განმტკიცების საქმეში.
ღონისძიება სომხური და ქართული ლიტერატურის პროფესიონალი მთარგმნელის ასია დარბინიანის თარგმანების და არმენ ოჰანიანის კრებულის „ანტიმიმინო“ პრეზენტაციას მიეძღვნა. მთარგმნელმა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ორი ქრისტიანი ერის ლიტერატურული კავშირებიდან შესრულებული თარგმანების მეშვეობით მკითხველს წარედგინოს სომხური და ქართული ლიტერატურის განვითარების ჭეშმარიტი პროგრესი, აგრეთვე გაღრმავდეს ინტერესი და პატივისცემა ერთმანეთის ისტორიის, კულტურის და ლიტერატურის მიმართ.
მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ქართველმა მწერლებმა მანანა გორგიშვილმა და გელა სულაძემ. მადლობის სიტყვით გამოვიდნენ გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ეპარქიის პრესსპიკერი სუსანა ხაჩატრიანი, საკუთარი ნაწარმოებები და შესრულებული თარგმანები წარმოადგინეს პოეტებმა მარინა კირაკოსიან-მოსესოვამ და მიხეილ ანანოვმა.
ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს ასია დარბინიანის მიერ ქართულ ენაზე ნათარგმნი სხვადასხვა წიგნი გადაეცათ.