Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრი „ჰაიარტუნი“ მონაწილეობდა ფოლკლორული მუსიკის ფესტივალის გალა კონცერტში

თბილისის საბავშვო ფოლკლორული მუსიკის ფესტივალს 2023 წლიდან შეუერთდა აგრეთვე საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნი“ (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი; კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი: სურენ აბრამიანი). ცენტრმა  ფოლკლორული მუსიკის, ეროვნული ცეკვის და საკრავების საშუალებით, სათანადოდ წარმოაჩინა სომხური კულტურა და პირველივე გამოსვლით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ცენტრმა „ჰაიარტუნმა“ კონკურსის მაღალი შეფასება დაიმსახურა და აგრეთვე ფესტივალის დასკვნით გალა კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

2024 წლის 21 ოქტომბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და კეთილი სურვილებით, მაყურებლის წინაშე წარსდგა კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნი“, რომელმაც ფესტივალის გალა კონცერტზე შეასრულა საიათნოვას სიმღერა „აშხარჰუმს ახ ჩიმ ქაშილ“ (სომხ. «Աշխարհումս ախ չիմ քաշիլ») და სომხური და ქართული ქალაქური სიმღერების მიქსი, რომელიც წარმოადგინა ნიჭიერმა შემსრულებელმა აიდა ბაზოიან-სურმალიანმა, ცენტრის მედუდუკეთა ჯგუფის აკომპანემენტით (ხელმძღვანელი: ივანე მკრტჩიანი).

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრ „ჰაიარტუნს“, თბილისის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს მიერ დაფინანსებულ ბავშვთა ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე, სომხური ეროვნული ტრადიციული სიმღერის დუდუკის თანხლებით მაღალპროფესიონალურად შესრულებისათვის, სერტიფიკატი და ფესტივალის თასი გადაეცა.

ვულოცავთ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცენტრ „ჰაიარტუნს“ ღირსეული აღიარების მოპოვებას და მრავალ ახალ წარმატებას ვუსურვებთ!

Img
Img

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են