თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნი“
2011 წელს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ინიციატივითა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროს, რუსეთში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენის ბორის სააკოვის და საქართველოში მცხოვრები სომეხი ბიზნესმენების რაფიკ აღაჯანიანის, სამველ აღეკიანის, არამ სიმონიანის, ნელსონ პეტროსიანის, კიმ საფაროვის, არამ სანოსიანის, ვიტალი მანასიანის, სამველ მანუკიანის და არკადი მანუკიანის მფარველობით, თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმდებარედ აშენდა სომხური ხელოვნების სახლი, რომლის საზეიმო გახსნაც იმავე წლის 12 ივნისს გაიმართა, უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის საქართველოში განხორციელებული სამწყემსმთავრო ვიზიტისას. საპატრიარქო ლოცვა-კურთხევით, უმაღლესმა პატრიარქმა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა სომხურ თემს მიულოცა ცენტრის გახსნა, და უსურვა, რომ იგი სომხურ კულტურულ, ეროვნულ და სულიერ ახალ კერად ქცეულიყო, შეენარჩუნებინა ისტორიული თუმანიანისეული „ჰაიარტუნ“ ცენტრის კეთილი ტრადიციები.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში 2010 წელს დაარსებული „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრი, დაარსების პირველივე დღიდან ეწეოდა ეროვნულ საქმიანობას და ნაყოფიერ მოღვაწეობას, ინიციატორი იყო დედაენის შენარჩუნების, ისტორიული და საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნის, ეროვნული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების აღდგენის და სომხურ-ქართული კულტურული კავშირების განმტკიცებისა.
„ჰაიარტუნ“ ცენტრი არის ერთიანი და არსებითად მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომლის ირგვლივ გაერთიანებული თანამშრომლები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით, ერთგულად ემსახურებიან კეთილშობილური ეროვნული იდეების განხორციელებას. სომხური ხელოვნების სახლი საკუთარ მისიას ხედავს აგრეთვე სომხური სხვადასხვა ორგანიზაციის თავის გარშემო შემოკრებაში. „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედი ორგანიზაციები აწყობენ გამოფენებს, წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს, შეხვედრებს, ღირსშესანიშნავი იუბილეებისადმი მიძღვნილ საღამოებს, აგრეთვე ფესტივალებს, დახვედრებს, სადღესასწაულო მიღებებს და ღონისძიებებს, რის შედეგად ყოველ შაბათ-კვირას ხალხმრავლობაა ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც ელიან როგორც სომეხი ეროვნების, აგრეთვე, უცხოელ სტუმრებს, დამთვალიერებლებსა და მაყურებლებს.
„ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორია ევგენია მარკოსიანი.
„ჰაიარტუნ“ ცენტრი თანამშრომლობს და მხარს უჭერს საქართველოში მოქმედი სომხური შემოქმედებითი გაერთიანებების საქმიანობას. ესენია:
საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნი“;
ა/ო სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირი „კამურჯ“;
საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირი;
საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი;
თოჯინების კულტურის სახლი „გარი დავთიანი“;
საქართველოს სომეხ ქალთა კავშირი „შუშანიკი“;
ა/ო „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“;
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭო;
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „შენ“;
ნინოწმინდის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „რაფაელ ჯავახ“;
ბათუმის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ალექსანდრე მანთაშიანც“;
საქართველოს მწერალთა კავშირი;
საქართველოს მხატვართა კავშირი;
საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი;
კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი „კავკასიური სახლი“;
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი;
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი საკუთარი მისიის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას. ცენტრში იკრიბებიან ჭეშმარიტად ნიჭიერი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომელთა უმთავრესი მიზანი არის მშობლიური ენის შესწავლა და მისი დაუფლება, სომხური ხელოვნების გაცნობა და მისი განვითარებისთვის თავდაუზოგავი შრომა. ამ მიზნით ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა ჯგუფი, სადაც მიღება ხორციელდება კომპეტენტური კომიტეტის მიერ. შემოქმედებით ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ სომხური ენის ცოდნა სავალდებულოა. ვინც არ ფლობს სომხურ ენას ორწლიანი სწავლების კურსს გადის „ჰაიარტუნ“ ცენტრში.
შემოქმედებითი ჯგუფები:
კულტურის სფეროს მიზანს ემსახურება დაარსების დღიდან შექმნილი და მოქმედი ჯგუფები:
ბავშვთა გუნდი „ნერსეს შნორალი“;
ეთნოგრაფიული ცეკვისა და სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი „ტარონი“;
დუდუკის კლასი;
ვოკალურ-ინსტრუმენტული საესტრადო ანსამბლი;
სოლისტთა ჯგუფი „ჰაიარტუნ“.
„ჰაიარტუნ“ ცენტრში ფუნქციონირებს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დაქვემდებარებაში არსებული „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღი (ორი ჯგუფი, 60 მოსწავლით), „სურბ გრიგორ ნარეკაცის“ სახელობის შაბათის სკოლა (ოთხი ჯგუფი, 105 მოსწავლით) და „სურბ ეღია მარგარეს“ სახელობის საკვირაო სკოლა (ოთხი ჯგუფი, 95 მოსწავლით).
კვირაობით „ჰაიარტუნ“ ცენტრში ეწყობა ლექციები სომეხი ხალხის ისტორიაზე, ამას მოჰყვება სომეხი ხალხისა და სომხური ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებით გადაღებული ფილმების ჩვენებები, აღნიშნულის შემდეგ კი იწყება ახალგაზრდებისთვის ეთნოგრაფიული სიმღერის და ცეკვის სწავლება.