„ალექსანდრე მანთაშიანც“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი ბათუმში
2015 წელს ბათუმში ფუნქციონირება დაიწყო ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულმა ცენტრმა.
ცენტრი ფუნქციონირებს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მიმდებარედ და იგი საქართველოს სომეხთა ეპარქიის საკუთრებაშია. ცენტრის შენობა შეძენილ იქნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის, კერძოდ, დიასპორის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, სარემონტო სამუშაოები განხორციელდა „Jinishian Memorial Foundation“-ის მიერ, ხოლო ინტერიერი გაფორმდა და ავეჯი შეძენილ იქნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის საწინამძღვროსა და „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სამრევლო თემის სახსრებით.
ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს ბათუმში სომხური ენის შენარჩუნებას, ეროვნული კულტურის განვითარებას, სომხური იდენტობის გაცნობიერებასა და სომხურ-ქართული მეგობრობის გაღრმავებას.
ცენტრის გარშემო გაერთიანებული პედაგოგების საქმიანობა მიზანმიმართულია ეროვნულობის დაცვის, სომეხი ბავშვების ეროვნული ფასეულობებით აღზრდის, აგრეთვე, მეგობრული სულისკვეთებით და ეროვნული თვითმყოფადობის განცდით აღსავსე ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობისაკენ.
ცენტრში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი - „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, სომხური ენის შემსწავლელი ერთდღიანი სკოლა - „მესროპ მაშტოც“, სიმღერის გუნდი - „აღბიურ“, ცეკვის ანსამბლი - „ჰეღნარ“, მხატვრული კითხვისა და დრამის წრეები. „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიასთან დაარსდა ქალთა კავშირი „ანუშ“.
ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრს ხელმძღვანელობს სონა ჰოვჰანისიანი.
სონა ჰოვჰანისიანი პროფესიით გახლავთ ფსიქოლოგი. აქვს პედაგოგ-ფსიქოლოგის და იურისტ-ფსიქოლოგის კვალიფიკაცია. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი. მუშაობდა პედაგოგ-ფსიქოლოგად, ასწავლიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქალაქ ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის მესროპ მაშტოცის სახელობის საკვირაო სკოლაში.
ტელ.: 568 23-20-20
ელ. ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.