საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ხორ ვირაპში წმინდა გრიგორ განმანათლებლის ვნებათა ხსენების დღე

2025 წლის 5 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სომეხთა პირველი პატრიარქის - წმიდა გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპში შესვლა. ამ დღეს სომხური ეკლესია იხსენებს წმ. გრიგორ განმანათლებლის ხორ ვირაპის მიწისქვეშა ზინდანში ჩაგდებას და იქ 13 წლის მანძილზე გადატანილი საშინელი წამების ხსენებას.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევით, თბილისის სურბ გევორგის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ღირსი მამა ვირაპ ღაზარიანმა, რომელიც ორ ათეულ წელზე მეტია განსაკუთრებული გრძნობიარობით აღავლენს ამ სასტიკი წამების დღისადმი მიძღვნილ წმ. ლიტურგიას.
წმიდა ლიტურგიის დროს, მწირველმა მღვდელმა ქადაგება წარმოთქვა წმიდა გრიგორ განმანათლებლის მიერ ქრისტიანული სარწმუნოებისთვის გადატანილი ტანჯვა-წამების, 13 წლის მანძილზე გამოვლენილი დიდი ნების, მისი წინააღმდეგობის სიძლიერისა და ღვთისა და ქრისტესადმი ერთგულების შესახებ. ეს იყო საშინელი წლები. ის დარჩა ღრმა ორმოში გველებთან, მორიელებთან და ქვეწარმავლებთან ერთად, მაგრამ არ დანებდა, რადგან შეიგრძნო ღმერთის არსებობა. სწორედ ღმერთმა მისცა წმიდა გრიგორ განმანათლებელს ძალა, რომ დარჩენილიყო ბნელ ზინდანში და დაელოდებინა იმ დღეს, როცა გამოვიდოდა, ჩაითვლებოდა წმინდანთა რიცხვში და ქადაგებდა ნათელს. ხორ ვირაპიდან გამოსვლის შემდეგ წმიდა გრიგორ განმანათლებელმა დაიწყო ქრისტიანობის ქადაგება და იგი გახდა სომხური ეკლესიის პირველი პატრიარქი.
მორწმუნეებმა წმინდა გრიგორ განმანათლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი სანთლები დაანთეს, ლოცვით ევედრებოდნენ ყოველთა ქრისტიანულ წმინდანს. ყოველთა ქრისტიანული წმიდანის დღესასწაულზე სომხური ეკლესიების ფარდები გაიხსნა და მორწმუნეებს ზიარების საშუალება მიეცათ.
წმიდა გრიგორ განმანათლებლის, როგორც ყოველთა-ქრისტიანული წმინდანის ხსენებას ასევე სხვა ქრისტიანული ეკლესიებიც აღნიშნავენ.