„ფარაჯანოვის რეკვიემი“ ალბომის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანის ლოცვა -კურთხევით და ,,ქართველ - სომეხთა კავშირის,, ინიციატივით, 2025 წლის 28 მაისს, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა „ფარაჯანოვის რეკვიემი“ ალბომის პრეზენტაცია.
ცენტრის კედლები მორთული იყო ფარაჯანოვის შემოქმედებისთვის დამახასიათებელი კოლაჟებითა და ნახატებით, რომლებიც კონკურსის მონაწილეთა შემოქმედებითი ფანტაზიის შედეგად იყო შექმნილი.
დარბაზი სავსე იყო ფარაჯანოვის შემოქმედების მცოდნეებითა და მოყვარულებით, კონკურსის სხვადასხვა წლების მონაწილეებით, რომელთათვისაც სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი და „ფარაჯანოვის რეკვიემი“-ს 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ალბომი წმინდა რელიქვიად იქცა. ალბომში შედიოდა კონკურსში გამარჯვებული და შერჩეული ნაწარმოებები, ასევე მათი ავტორების ბიოგრაფიები სომხურ და ქართულ ენებზე.
ცენტრის დირექტორმა, ევგენია მარკოსიანმა, თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სერგო ფარაჯანოვის ხელოვნების სიღრმეს თბილისური ელფერით, გადაღებული კინოფილმების უნიკალურობას, რომლებიც არა მხოლოდ სომხური ან ქართულია, არამედ მსოფლიო კინოხელოვნების ნიმუშებია.
,,ქართველ - სომეხთა კავშირის,, თავმჯდომარემ მარი არაქელოვამ, დამსწრე აუდიტორიას გააცნო ალბომის შექმნის ისტორია, ხაზი გაუსვა კონკურსის მიზანს, თაობების აღზრდას ფარაჯანოვის ხელოვნების სულისკვეთებით, რის შედეგადაც კონკურსის გეოგრაფია წლიდან წლამდე ფართოვდება, საქართველოდან, სომხეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვრცელდება.
,,ქართველ - სომეხთა კავშირის,, თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს „ფარაჯანოვის რეკვიემი“ ალბომის გამოცემაში გაწეული მხარდაჭერისთვის.
პრეზენტაცია დასრულდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხატვრული ჯგუფების კონცერტით.