„ლევონ მელიქსეთ-ბეკის არქივიდან“ კრებულის პრეზენტაცია თბილისში
2025 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და საპატიო დასწრებით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) გაიმართა „ლევონ მელიქსეთ-ბეკის არქივიდან“ კრებულის პრეზენტაცია.
კრებული გამოიცა ვიქტორ ჰოვსეფიანის სახლ-მუზეუმის სერიის ფარგლებში. იგი შეადგინეს არმენოლოგმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა ბონდო არველაძემ და ვიქტორ ჰოვსეფიანის ლიტერატურული არქივის ხელმძღვანელმა გისანე ჰოვსეფიანმა. კრებულში შესულია ლევონ მელიქსეთ-ბეკისადმი გაგზავნილი წერილები, რომლებიც ბონდო არველაძეს ლ. მელიქსეთ-ბეკის უმცროსმა ვაჟმა, საერთაშორისო ჭადრაკის არბიტრმა ევგენი მელიქსეთ-ბეკმა გადასცა. წერილების ავტორები არიან ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ჰრაჩია აჭარიანი, ჰაკობ მანანდიანი, სურენ იერემიანი, კარო ღაფადარიანი, ავეტიქ ისაჰაკიანი, აშხენ თუმანიანი და მეცნიერების, კულტურისა და ლიტერატურის სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. კრებულის ბოლოს წარმოდგენილია კონსტანტინე გამსახურდიას სტატია „თბილისის უნივერსიტეტი“, რომელიც ამ უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებით დაიწერა.
საარქივო მასალა აცოცხლებს გასული საუკუნის სამეცნიერო, ლიტერატურულ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას და ამ ფონზე თვალსაჩინოა ლევონ მელიქსეთ-ბეკის როგორც ისტორიკოსის, წყაროების ექსპერტის, ეთნოგრაფის, ფილოლოგის, ლიტერატურის კრიტიკოსის, პატიოსანი და ერთგული მეგობრის, ნამდვილი თბილისელის, დიდი მასწავლებლის, იმიჯი. კრებული გამოიცა პატრიკ ბეზოიანის (რუსეთის ფედერაცია) ფინანსური მხარდაჭერით.
კრებულის რეცენზია წარადგინა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა ემა ახტიანმა. სიტყვით გამოვიდნენ არმენოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-მუშაკი ნინო აფციაური, გაზეთ „ ვრასტან“-ის რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არევიკ პაპოიანი, ლუსინე სუქიასიანი და სხვები.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა კურთხევის სიტყვაში შეაფასა მეცნიერ - მუშაკთა როლი თაობების განათლებასა და აღზრდაში, კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში, ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში.
ეპარქიის წინამძღვარმა თანამედროვე ქართულ-სომხური ფილოლოგიის მეცნიერს - ემა ახტიანს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიერ მინიჭებული „სურბ ნერსეს შნორჰალის“ მედალი. მისი უწმინდესობის კურთხევის წერილი წაიკითხა ღირსი მამა სამველ თოროსიანმა.
მუსიკალური ნომრები შეასრულეს პიანისტმა ესაი აბოვიანმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის „სურბ ნერსეს შნორჰალის“ სახელობის ბავშვთა და მოზარდთა ანსამბლმა (ხელმძღვანელი: აიდა ბაზოიანი).
Հայերեն
ქართული
English
Русский 
