Материалы

წმიდა აღდგომის ჭრაგალუიცის წმიდა წირვა თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესიაში

2026 წლის 4 აპრილს, დიდი შაბათის საღამოს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის წმიდა წირვა. თბილისის სურბ ეჯმიაწინის ეკლესია სავსე იყო მორწმუნეებით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის თავმჯდომარეობით, წმიდა აღდგომის ჭრაგალუიცის წმიდა წირვა აღასრულა ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.
წმიდა წირვის მიმდინარეობისას, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, ქადაგებაში ისაუბრა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის საიდუმლოზე — ბოროტების დამარცხებასა და სიკეთის გამარჯვებაზე, სიკვდილის ძლევასა და სიცოცხლის გამარჯვებაზე.
ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარებისა და დედა ეკლესიის მიმართ მიმდინარე განსაცდელებით აღსავსე პერიოდის გათვალისწინებით, მეუფემ მორწმუნე ერს მოუწოდა, ჰქონდეთ აღდგომის იმედი, ვინაიდან დამხობილია სიკვდილის ძალა და ჩვენი ცხოვრება არ არის ამაო; განმტკიცდნენ, განიშორონ შიში და შფოთვა, განამტკიცონ თავიანთი სულები რწმენისადმი ერთგულებით, ქრისტესადმი ერთგულებითა და მოყვასისადმი ურყევი სიყვარულით.
ქადაგების დასასრულს, კირაკოს მეუფემ ახარა მაცხოვრის დიდებული აღდგომის სასიხარულო ცნობა:
„ქრისტე აღდგა მკვდრეთით. კურთხეულ არს აღდგომა ქრისტესი“.
მორწმუნეებმა სიყვარულით მიულოცეს ერთმანეთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა.
წმიდა წირვის დასრულების შემდეგ, მორწმუნეებმა იჯდარი სასანთლიდან აანთეს თავიანთი სანთლები და, მაცხოვრის კურთხევის მიღებით, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, თან წაიღეს უფლის აღდგომის წმიდა ნათელი.
შემდეგ აღესრულა წმიდა აღდგომის დღესასწაულის შემდგომ პირველი სახლის კურთხევის წესი — იკურთხა პური, წყალი და მარილი.
იესო ქრისტეს წმიდა აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წმიდა წირვები აღევლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიაში.

2

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2025 armenianchurch.ge