ქაჯარანის თოჯინების თეატრის წარმოდგენები „ჰაიარტუნ“ ცენტრში
2026 წლის 2 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ლოცვა-კურთხევითა და კეთილი სურვილებით, ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრმა უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის ქაჯარანის ხელოვნების სკოლის „არევ“ თოჯინების თეატრის დასს, 10–14 წლის მოსწავლეების შემადგენლობით. დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ კაპანის ალექსანდრ შირვანზადეს სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ართურ გაბრიელიანი, ქაჯარანის ხელოვნების სკოლის დირექტორი არმინე თუმანიანი და კერამიკის მასწავლებელი ნარეკ ისრაელიანი, ქაჯარანის თემის ხელმძღვანელის, მანველ ფარამაზიანის მხარდაჭერით.
კაპანის თეატრსა და „ჰაიარტუნ“ ცენტრს შორის თანამშრომლობას რამდენიმეწლიანი, მეგობრული და ვიზიტებით მდიდარი ისტორია აქვს. „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორის, ევგენია მარკოსიანისა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ართურ გაბრიელიანის მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ქაჯარანის ხელოვნების სკოლაში სულ ერთი წლის წინ შექმნილმა „არევ“ თოჯინების თეატრის დასმა წარმოადგინა ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „იყო და არა იყო რა“.
თოჯინების ოსტატურმა თამაშმა, გამომსახველმა მოძრაობებმა, მსახიობური სწორად შერწყმულმა ხმამ და მეტყველებამ პატარა მაყურებელში დიდი გამოხმაურება და ამაღლებული განწყობა გამოიწვია, ხოლო უფროსებმა აღფრთოვანებით ადევნეს თვალი ზღაპრის გმირების ზუსტ განსახიერებას. წარმოდგენა, რომელიც ორ სეანსად გაიმართა, თბილი აპლოდისმენტებისა და დაუფარავი აღტაცების თანხლებით წარიმართა.
ღირსი მამა ჰოვსეფ მღვდელ ჰარუთიუნიანის კურთხევისა და დასკვნითი სიტყვის შემდეგ, ქაჯარანის ხელოვნების სკოლის „არევ“ თოჯინების თეატრის დასის წევრებს გადაეცათ საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციის — „სამარიელის ქისა“ — სიურპრიზებით სავსე საჩუქრები.
ქაჯარანელი სტუმრების ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში გაგრძელდება საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლის“ სამეცნიერო-კულტურული ცენტრის მონახულებით და თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით.
Հայերեն
ქართული
English
Русский 

