საქართველოს სომეხთა ეპარქიის დელეგაცია მარნეულის რაიონის სასაზღვრო სომხურ დასახლებულ სოფლებს ეწვია
2026 წლის 8 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევისა და კეთილი სურვილების მიღების შემდეგ, ეპარქიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ღირსი მამა ჰოვსეფ ჰარუთუნიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორი ევგენია მარკოსიანი და იურიდიულ საკითხთა განყოფილების პასუხისმგებელი პირი მიქაელ ავაგიანი, მარნეულის რაიონის სასაზღვრო სომხურ დასახლებულ სოფლებს ეწვია.
პირველი გაჩერება სოფელი გიულიბაღი იყო, სადაც სტუმრებს ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორი არეგნაზ ღარიბიანი დახვდა. სკოლის დათვალიერების შემდეგ ეპარქიის წარმომადგენლები გაეცნენ სასწავლო დაწესებულების მიღწევებს, ესაუბრნენ პედაგოგებს და დაინტერესდნენ მოსწავლეთა მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა ასევე მოინახულეს სოფლის სურბ ხაჩის სამლოცველო, ე.წ. „პაპის ჯვარი“. მამა ჰოვსეფ მღვდელმა საჭიროების შემთხვევაში სოფელში საყოველთაო ნათლობის ჩატარების, ასევე რამდენიმე საეკლესიო წესისა და ცერემონიის აღსრულების მზადყოფნა გამოთქვა.
დელეგაციის წევრებმა, გიულიბაღის მკვიდრის, იური ჩატინიანის თანხლებით, გზა გააგრძელეს ასევე სასაზღვრო სოფელ ბრდაძორისკენ. სოფელი თითქმის დაცარიელებულია და მხოლოდ 12 კომლს ითვლის. არსებობს პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგებასთან და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებთან.
უნდა აღინიშნოს, რომ დაცარიელებულ სოფელში სასკოლო ასაკის ბავშვები აღარ არიან, არ არსებობს საყოფაცხოვრებო მინიმალური პირობებიც კი, ხოლო სოფელში ნახევრად დანგრეული და მიტოვებული სახლები ჭარბობს. სკოლასა და სამედიცინო პუნქტზე საუბარიც კი ზედმეტია. სოფლის დღევანდელი მდგომარეობა მართლაც შემაშფოთებელი და სავალალოა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რამდენიმე წელიწადში ის შესაძლოა სრულიად დაიცალოს. ოდესღაც აყვავებული და მრავალრიცხოვანი მოსახლეობით გამორჩეული სოფელი მხოლოდ ზაფხულის თვეებში ცოცხლდება, როდესაც ყოფილი მცხოვრებლები მაინც სტუმრობენ თავიანთ მშობლიურ კუთხეს — ტყის წიაღში მოქცეულ, ყოველდღიური ცხოვრების აურზაურისგან მოწყვეტილ ამ თვალწარმტაც ადგილს. სტუმრებმა სოფელში დარჩენილ ოჯახებს სხვადასხვა პროდუქტით სავსე სააღდგომო საჩუქრები გადასცეს.
დელეგაცია აპირებდა გზის გაგრძელებას სოფელ ღუდროს მიმართულებით, თუმცა გაუვალი გზის გამო გადაწყდა, რომ ტყის პირას მდებარე ეს ოდესღაც აყვავებული და კეთილმოწყობილი დასახლება სხვა, შესაბამისი ავტომობილით მოენახულებინათ. ეს სოფელიც გადაშენების ზღვარზეა და იქ მხოლოდ შუა საუკუნეების ციხესიმაგრისა და ეკლესიების ნანგრევებიღაა შემორჩენილი.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
