„წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამოსაშვები ზეიმი
2026 წლის 12 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა ეპარქიის „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების უფროსი ჯგუფის გამოსაშვები ზეიმი. ლამაზად მორთული დარბაზი სომხური სულისკვეთებით იყო გაჟღენთილი – სომხური მთიანეთისა და მასისის მთის თვალწარმტაცი ხედებითა და ფერადი ბუშტებით. დარბაზში ადგილები დაეკავებინათ მასწავლებლებს, მშობლებს, სტუმრებსა და თბილისის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს.
სომხური ორნამენტებით შემკულ სამოსში გამოწყობილმა პატარებმა, ღირსი მამა კირაკოს მღვდელ სიმონიანის ხელმძღვანელობით, აღავლინეს „უფლის ლოცვა“, რითაც წარმოაჩინეს სკოლამდელ დაწესებულებაში მათი ყოველდღიური სასწავლო დღის განუყოფელი ტრადიცია. ზეიმის გახსნისას „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა მადლიერების სიტყვები მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანს, რომლის მამობრივი კურთხევით, კეთილი სურვილებითა და განსაკუთრებული მზრუნველობით „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება წელს უკვე მეთოთხმეტე გამოშვების აღსაზრდელებს აცილებს ცოდნის სამყაროში.
სომხური განათლების მიღების პირველი საფეხური ჩვენი ძვირფასი მშობლიური ენის შესწავლა, მესროპული ანბანის დაუფლება, მშობლიურ ენაზე აზროვნება და წინსვლაა. ამის ნათელი დასტური იყო ლიტერატურული კომპოზიცია „ასოების დაგვირგვინება“, რომლის მეშვეობითაც კურსდამთავრებულებმა წარმოაჩინეს მესროპული დამწერლობის სილამაზე, ჟღერადობა, ღრმა შინაარსი და ღირსება. ბავშვების ბაგეებიდან გაჟღერებული სომხური ანბანი დასრულდა იმით, რომ თითოეულ მათგანს თავზე ყვავილების გვირგვინი დაადგეს. ღონისძიება ასევე წარმოადგენდა კურსდამთავრებულთა მხატვრული კითხვის, ეროვნული სიმღერისა და შთამბეჭდავი სომხური წრიული ცეკვის წარმოდგენას.
„წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 16 კურსდამთავრებული სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპს თბილისის №104 სომხურ და №103 ქართულ-სომხურ სკოლებში დაიწყებს.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა – ლევონ ჩიდილიანმა, კარინე მანუკიანმა, №104 და №103 სკოლების პედაგოგებმა ლილით კარაგიოზიანმა და ემა ჰოვანისიანმა, რომლებიც მომავალში ამ ბავშვების სომხური განათლებისა და აღზრდის პირველი მასწავლებლები იქნებიან, ასევე სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთა მშობლებმა – მაღალი შეფასება მისცეს კურსდამთავრებულთა მომზადების დონეს, მათში ჭეშმარიტი სომხური თვითმყოფადობის ჩამოყალიბების მყარ საფუძველსა და სწავლისადმი სიყვარულის გაღვივებაში შეტანილ წვლილს. მათ მადლიერების სიტყვებით მიმართეს ევგენია მარკოსიანს, აღმზრდელებს ტათევიკ სააკიანსა და აიდა ბაზოიან-სურმალიანს, ასევე ძიძას – ერინაზ მარტიროსიანს.
სადღესასწაულო ღონისძიების დასასრულს ყველა კურსდამთავრებულმა ღირსი მამა კირაკოს მღვდელ სიმონიანის ხელითა და კურთხევით მიიღო „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სახელობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დასრულების დამადასტურებელი მოწმობა და ბავშვობის წლების სამახსოვრო ვინეტკა, ხოლო ეპარქიის ადმინისტრაციული განყოფილების დირექტორმა კარენ ერიციანმა მათ „კეთილი სამარიელის“ საჩუქრები გადასცა.
Հայերեն
ქართული
English
Русский 
