Материалы

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში პატივი მიეგო საშა ოგანეზაშვილის ხსოვნას

2024 წლის 1-ელ დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში, საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის (პრეზიდენტი: ისტორიკოსი ენოქ თადევოსიანი) ინიციატივით დაიწყო ღონისძიებათა სერია „ჩვენი დიდებულები“, რომლის ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიება ცნობილი სომეხი მუსიკოსის, ქამანჩის შემსრულებლის და პოეტის საშა ოგანეზაშვილის (ალექსანდრე ოჰანიანი) ხსოვნას მიეძღვნა. საშა ოგანეზაშვილი დაკრძალულია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში.

2

საშა ოგანეზაშვილის საფლავზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, აღესრულა პანაშვიდი, რის შემდეგაც დამსწრეებმა ღირსეული სომეხი მამულიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიება გაგრძელდა „ჰაიარტუნ“ ცენტრში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ჩართულობითა და მხარდაჭერით, კომპანია „გრანდ ქენდის“ მიერ ეპარქიისათვის მოწოდებული 20 დოკუმენტური ფილმიდან ერთ-ერთის - საშა ოგანეზაშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენებით. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს კირაკოს დავთიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და საშა ოგანეზაშვილის დეიდაშვილის შვილი კარმენ ბაგდასაროვა.

3

ფილმი ჭეშმარიტად საინტერესო და ინფორმაციული იყო. ადრეული ბავშვობიდანვე უდედოდ დარჩენილი საშა, იქცა თვითნასწავლ მუსიკოსად, სულის უძირო ძაფებით გადაება ქამანჩას და ამ მომაჯადოებელი ინსტრუმენტის სიმების მეშვეობით გამოხატა სულის ემოციები. ნიჭიერი ქამანჩის შემსრულებლის შეუზღუდავი შესაძლებლობების წყალობით ინსტრუმენტი კიდევ უფრო დაიხვეწა - სამსიმიანი საკრავიდან უნიკალურ ოთხსიმიან ინსტრუმენტამდე. მოგვიანებით საშა ოგანეზაშვილი ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში ხსნის აღმოსავლური მუსიკის ფაკულტეტს, ხოლო ბაქოში ხდება კონსერვატორიის დამფუძნებელი და მისი პირველი ხელმძღვანელი.

ქამანჩაზე ემოციური მელოდიები გააცოცხლეს, ეპარქიის მიერ სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულმა, ერევნის რომანოს მელიქიანის სახელობის სახელმწიფო მუსიკალური სკოლის ქამანჩის კლასის მესამე კურსის მოსწავლე-ახალგაზრდებმა მილენა მოვსისიანმა და სარგის სერობიანმა. მათ აკომპანირებას უწევდა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დრამერი, არმან პაპიკიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა მადლიერებისა და კურთხევის სიტყვაში დიდად დააფასა ენოქ თადევოსიანის და ღონისძიების თითოეული ორგანიზატორის ძალისხმევა, ხაზი გაუსვა ერის ღირსეული მამულიშვილების შესახებ გადაღებული ფილმების სერიის - „ჩვენი დიდებულები“ საშუალებით, ახალგაზრდა თაობის  ერის დიდებულთა შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას და მათი ხსოვნის უკვდავყოფასა და თაობებისათვის გადაცემის საჭიროებას. ეპარქიის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა „გრანდ ქენდი’’ კომპანიას მხარდაჭრისთვის ,დალოცა ერევნიდან სტუმრად მყოფი ქამანჩის შემსრულებლები.

3

ღონისძიებაზე მადლობის სიტყვით გამოვიდა აგრეთვე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი აშოტ სმბატიანი.

მართლაც, ღონისძიება იქცა ღირსშესანიშნავ მოვლენად საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) ისტორიაში.

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են