Материалы

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში

2025 წლის 5 იანვრის საღამოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის პირველ საუფლო დღესასწაულთან - შობის და ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია.

დღესასწაულის წინა დღეს ხალხმრავლობა იყო სომხურ ტაძრებში.  წესისამებრ მრევლი შეკრებილი იყო, რათა პირველს შეეტყო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობის სასიხარულო ამბავი. საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ეკლესიებში ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება, ბიბლიიდან წაკითხულ იქნა დღესასწაულთან დაკავშირებული ნაწყვეტები.

მორწმუნეებით იყო სავსე თბილისში, ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესია, სადაც ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა.

საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას ეპარქიის წინამძღვარმა თავის ქადაგებაში ისაუბრა მაცხოვრის შობის მნიშვნელობაზე, როგორც კაცობრიობის ცოდვებისგან ხსნისათვის ბოძებულ უდიდეს საჩუქარზე, მისი ტკივილების მოსაშუშებლად, იმედად და სასოებად ქცევისა და ზეციური სამეფოსკენ გაძღოლის დიდებულ გზაზე.

2

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა  მაცოცხლებელი სანთელი აანთო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს აგრეთვე ბეთლემის ვარსკვლავის სინათლეს და ხალხს მიუძღვის ჭეშმარიტი სინათლისკენ. ეკლესიაში ანთებული მაცოცხლებელი სანთლიდან საკუთარი კანდელები აანთეს მორწმუნეებმა. მათ ეკლესიაში ანთებული კანდელებით საკუთარ სახლებში თან წაიღეს შობის ხარება და ღვთიური ნათელი.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სასულიერო პირთა ნაკადი ეპარქიის წინამძღვრის „ჰაიარტუნის“  რეზიდენციისკენ დაიძრა, სადაც სახლის კურთხევის რიტუალი შესრულდა.

ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ბათუმის სურბ ფრკიჩ, ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის და რეგიონებში მოქმედ სხვა სომხურ ეკლესიებში.

3

დაკავშირება

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამღებროს ქ. №5, 0105 – თბილისი, საქართველო
ტელეფონი: +995322724111
ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

 ©2024 Վիրահայոց թեմ. Բոլոր իրավունքները պաշտպանված են