მედლის გადაცემა და სტიქაროსნად კურთხევა ახალქალაქის რაიონის სურბ ხაჩ ეკლესიაში
2025 წლის 19 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, ახალქალაქის სურბ ხაჩ ეკლესიაში საკვირაო წმინდა წირვა აღავლინა. წმიდა საკურთხეველზე ყოვლადუსამღვდელოესობას წირვისას ეხმარებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსი არქიმანდრიტი ნშან ჰმაიაკიანი და ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის ღირსი მღვდელი თორგომ ვარდანიანი.
დღე მართლაც სადღესასწაულო იყო - სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული. წმინდა წირვის მიმდინარეობისას მწირველმა წმინდა მამამ უმაღლესი პატრიარქისა და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ წმინდა ასოებით დაწერილი კონდაკით - “ნერსეს შნორალი” მედალი გადასცა რუბენ ბანდიკიანს, რომელმაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის გომანის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოებისათვის გაიღო ქველმოქმედება.
წმინდა წირვის დასასრულს ეკლესიაში გაიმართა სტიქაროსნად ხელდასხმა. ეპარქიის წინამძღვარმა სტიქაროსანთათვის სათანადოდ განმარტა სტიქაროსნად კურთხევის (მეფსალმუნეობის) მნიშვნელობა, კერძოდ, ისაუბრა სასულიერო პირთა მოვალეობების სირთულეზე, მიუთითა გამოწვევების დაძლევის უნიკალურ გზებსა და ხერხებზე, აგრეთვე უსურვა, რომ ყოვლისშემძლე უფლის წმინდა მარჯვენას შემწეობითა და სომხური ეკლესიის მფარველობით სტიქაროსნებმა (მეფსალმუნეებმა) შემდგომში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლონ.
წმინდა წიგნის კითხვითა და საგალობლების გალობით ჩატარდა წმინდა ცერემონია, რომლის დროსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის მიერ ეკლესიაში მსახურობის პირველი საფეხური მიენიჭა 23 სტიქაროსანს, მათ შორის, 10 ახალქალაქის, 10 ნინოწმინდის და 3 ახალციხის სომხური ეკლესიების ერთგული მსახურია. ხელდამსხმელმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა კირაკოსმა სტიქაროსნად ხელდასასხმელ ახალგაზრდებს რამდენიმე ღერი თმა მოაჭრა - საერო სურვილებზე უარის თქმის სიმბოლოდ. ამის შემდეგ სტიქაროსნებს ლოცვანი, ცოცხი, გასაღები, ბიბლია, მაშტოცის ლოცვანი, შანდალი და ჭიქა გადაეცათ, რომელთაც თითოეულს სხვადასხვა სიმბოლური დატვირთვა აქვს.
დღე განსაკუთრებული და ისტორიული იყო. საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობდნენ მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი, ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი, ღირსი მღვდელი ნარეკ ტიგრანიანი, ღირსი მღვდელი თადეოს ტერ-მკრტჩიანი და სხვები.
საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, მერის მოადგილე მკრტიჩ მღდესიანი, ასევე მშობლები და მორწმუნეები.
ცერემონიის დასასრულს ეპარქიის წინამძღვარმა სტიქაროსნები (მეფსალმუნეები) მამობრივად დალოცა.