ეკუმენური ლოცვა თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში
24 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის სურბ გევორგ მთავარ საკათედრო ტაძარში, ქრისტიანთა ერთობისათვის ყოველწლიური ეკუმენური ლოცვა აღევლინა.
საქართველოში წლებია იმართება ეკუმენური ლოცვა სხვადასხვა საეკლესიო ტრადიციის მიმდევარი ქრისტიანების ერთ ეკლესიაში შესაკრებად, რათა მათ ერთად სცენ თაყვანი უფალს. ეკუმენურ ლოცვას ყოველწლიურად ქრისტიანული დენომინაციის სხვადასხვა ეკლესია მასპინძლობს: კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია, საქართველოში ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია.
წელს ეკუმენური ლოცვის ორგანიზატორი გახლდათ სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია. ეპარქიის წინამძღვრის მოწვევით ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ მონაწილე ქრისტიანული დენომინაციების წინამძღვრები, სასულიერო დასი, ელჩები, ორგანიზაციების წარმომადგენლები და მორწმუნეები.
ეკუმენური ლოცვა გაიმართა სლოგანით: „გწამს თუ არა ეს?“ (იოანე 11:26). საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი მიესალმა ქრისტიანული ლოცვის თითოეულ მონაწილეს და ხაზი გაუსვა ერთობლივი ლოცვის მნიშვნელობას. ეპისკოპოსმა კირაკოსმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს შეუძლიათ დააახლოონ სხვადასხვა ეკლესიის მორწმუნეები - ერთი უფლისა და მაცხოვრის - იესო ქრისტეს სადიდებლად.
უძველეს ეკლესიაში, თითოეული ეკლესიის მგალობელთა გუნდის შესრულებით, გაჟღერდა საგალობლები რამაც განუმეორებელი ატმოსფერო შექმნა ეკლესიის კედლებში სალოცავად. მასპინძელმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საკუთარ ქადაგებაში ისაუბრა დღის სლოგანზე: „გწამს თუ არა ეს?“ და მოუწოდა დამსწრეებს, რომ მათი პასუხი ყოველთვის ყოფილიყოს: „ეს არის ის, რისიც ჩვენ გვწამს“. ქრისტიანული რწმენის ერთიანობის სიმბოლოდ, დამსწრეებმა ერთმანეთს გაუწოდეს ერთი სანთლიდან ანთებული სანთლები, ფრაზით: „ქრისტეს ნათელი“.
ლოცვა სულიერი მამების კურთხევით დასრულდა, როგორც ქრისტიანთა ერთიანობის და ერთსულოვნების გამოხატულება.