გევორგ ბაშინჯაღიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საქართველოს სომეხ ინტელექტუალთა კავშირის (თავმჯდომარე: ენოკ თადევოსიანი) ინიციატივით და ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) ორგანიზებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გრძელდება ღონისძიებათა სერია - „ჩვენი დიდებულები“.
2025 წლის 2 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით და საპატიო წინამძღოლობით, გაიმართა ნიჭიერი სომეხი მხატვრის, ეროვნული რეალისტური მხატვრობის ფუძემდებლის, გევორგ ბაშინჯაღიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ფერმწერის გარდაცვალების 100 წლისთავს.
გევორგ ბაშინჯაღიანის ნახატები ამშვენებს თბილისის სურბ გევორგ მთავარი საკათედრო ტაძრის კედლებს, იმ ტაძრის, რომლის ეზოშიც განისვენებს ცნობილი სომეხი მხატვარი. საკვირაო წმინდა წირვის შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის საპატიო წინამძღოლობით, ბაშინჯაღიანის საფლავზე აღესრულა პანაშვიდი და ყვავილებით შეიმკო მისი საფლავი.
მემორიალურმა ღონისძიებამ განსაკუთრებული გამოხმაურება მიიღო „ჰაიარტუნ“ ცენტრში, სადაც გევორგ ბაშინჯაღიანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტური ფილმების სერია - „ჩვენი დიდებულები“ „ჰაიარტუნ“ ცენტრს გადასცა სრ კომპანიამ „Grand Candy“.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ბაშინჯაღიანის დიდ სიყვარულს და თაყვანისცემას საიათნოვას აშუღური ხელოვნების მიმართ - საიათნოვას შემოქმედება წარმოადგინა აიდა ბაზოიან-სურმალიანმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დუდუკის ჯგუფის (ხელმძღვანელი: ივანე მკრტჩიანი) აკომპანემენტით.
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა დალოცვისა და მადლობის სიტყვაში ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებიც საქართველოს სომხური თემის დიდებულთა ქრონიკებს ახალ ფურცლებს სძენს.